რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ვლადივასტოკში აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზე თქვა, რომ „უკრაინის საკითხზე კონსტრუქციული სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვის შანსი არსებობს, თუმცა საბოლოო შეთანხმებას, პირველ რიგში, რუსეთმა და უკრაინამ უნდა მიაღწიონ“.
მისივე თქმით, „კიევის მხრიდან სახელმწიფო ტერორიზმის გამოვლინებები ასეთ შესაძლებლობებს ართულებს და უკრაინის დასავლელი მოკავშირეები, რომლებიც დუმან, საერთაშორისო ტერორიზმის თანამონაწილეები ხდებიან“.
პუტინმა ასევე თქვა, რომ არ არსებობს სცენარი, რომელიც რუსეთში მობილიზაციას მოითხოვს.
ის ასევე ირწმუნება, რომ რუსული არმიის წინსვლის ტემპი აჩქარებულია.
ამასთან, პუტინმა თქვა, რომ კონფლიქტის მოგვარებაში სხვა ქვეყნებს მხოლოდ მხარდაჭერა და დახმარება შეუძლიათ.
„უპირველეს ყოვლისა, რუსეთმა და უკრაინამ უნდა მიაღწიონ შეთანხმებას ერთმანეთთან. ყველა სხვა ქვეყანა მზად არის, მხარი დაუჭიროს და დაეხმაროს“, – განაცხადა პუტინმა.
მისივე თქმით, რუსეთი მადლიერია ყველა იმ ქვეყნისა და მხარის, რომელიც უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაში საკუთარი წვლილის შეტანას ცდილობს.
პუტინმა განსაკუთრებით აღნიშნა აშშ-ისა და ჩინეთის როლი. მისი განცხადებით, ორივე ქვეყანა მუდმივად ამახვილებს ყურადღებას უკრაინის საკითხზე და ხელს უწყობს პრობლემის მოგვარებას, უპირველესად, მშვიდობიანი გზებით.
„თავმჯდომარე სი ძინპინი, როდესაც ჩვენ ერთმანეთს ვხვდებით, ასევე მუდმივად აყენებს ამ საკითხს. მაგრამ საბოლოოდ ეს პრობლემა კონფლიქტში ჩართულმა ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ – ეს არის რუსეთი და უკრაინა. ეს სწორი მიდგომაა. თუმცა ჩვენ მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ამ საკითხის მოგვარებაში საკუთარი წვლილის შეტანას ცდილობს“, – განაცხადა პუტინმა.
ვლადიმირ პუტინისვე განცხადებით, რუსეთი შეერთებულ შტატებთან სრულფასოვანი ურთიერთობების აღდგენას უჭერს მხარს, თუმცა ეს ვაშინგტონზეცაა დამოკიდებული.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და დღემდე ახორციელებს იერიშებს, მათ შორის, მოქალაქეების საცხოვრებელ სახლებზე.
აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმი ვლადივოსტოკში 1-დან 4 სექტემბრამდე იმართება.