პუტინის განცხადება ნაწილობრივ მობილიზაციაზე „პანიკის“ ნიშანია - ნიდერლანდების პრემიერი

პუბლიკა

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ არის „პანიკის“ ნიშანი უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო.

„თქვენ ხედავთ, რომ უკრაინა სულ უფრო და უფრო ახერხებს ვითარების შეცვლას, დიდი ნაწილი დაიბრუნა“, – განაცხადა რუტემ ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, დასავლური მხარდაჭერის შედეგები უკვე თვალსაჩინო და ეს აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.

„რუსეთი ვერ მოიგებს ამ ომს, მაგრამ ეს არის ერთგვარი პანიკური რეაქცია“, – განაცხადა პრემიერმა.

კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ნაწილობრივი მობილიზაცია გამოიწვევს სამხედრო აქტივობის ესკალაციას, რუტემ თქვა: „ვფიქრობ, ეს ნამდვილად აჩვენებს, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა სიტუაციას ვერ აკონტროლებს“.

მან დასძინა, რომ „ძალიან არ ინერვიულებს“ კრემლის მუქარაზე დასავლეთთან კონფლიქტის შესახებ, ასეთი რიტორიკა ადრეც ისმოდა.

„ჩვენ არ ვართ ომში რუსეთთან, მაგრამ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მართებულ ბრძოლაში“, – თქვა რუტემ.


დღეს ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა სპეციალურ მიმართვაში განაცხადა.

შესაბამის განკარგულებას პუტინმა ხელი უკვე მოაწერა. მობილიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები 21 სექტემბერს დაიწყება.

პუტინის ბრძანებულებით, სამხედრო სამსახურს მხოლოდ ის მოქალაქეები დაექვემდებარებიან, რომლებიც რეზერვში არიან და, პირველ რიგში, შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ, აქვთ გარკვეული სამხედრო სპეციალობა და შესაბამისი გამოცდილება.

მისი თქმით, ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ გადაწყვეტილება რუსეთის, მისი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და რუსი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიიღეს.

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ კი აცხადებს, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში სულ გაწვეული იქნება 300 000 რეზერვისტი.

„რუსეთს აქვს უზარმაზარი სამობილიზაციო რესურსი – თითქმის 25 მილიონი ადამიანი. ნაწილობრივ მობილიზაციას ექვემდებარება სამობილიზაციო რესურსის 1%-ზე ცოტა მეტი. გამოძახებული იქნება 300 000 რეზერვისტი. დღეს ჩვენ ვეომებით არა იმდენად უკრაინის არმიას, რამდენადაც კოლექტიურ დასავლეთს“– განაცხადა სერგეი შოიგუმ.

პუტინის დღევანდელი მიმართვა ასევე დაგმო აშშ-ის ელჩმა უკრაინაში, ბრიჯიტ ბრინკმა, ე.წ. რეფერენდუმს ყალბი უწოდა, მობილიზებას კი „სისუსტის ნიშანი“. მან ასევე პირობა დადო, რომ შეერთებული შტატები დარჩება მტკიცე მოკავშირე რუსული აგრესიის წინააღმდეგ.

გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა დაგმო კრემლის ეს ნაბიჯი, როგორც „ცუდი და არასწორი განვითარება“, ხოლო ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლასმა თქვა, რომ პუტინის გამოსვლა იყო „აღიარება იმისა, რომ მისი შემოჭრა წარუმატებელია“.