პუტინის განკარგულებაში დაფარული მე-7 პუნქტი მილიონამდე ადამიანის გაწვევას ითვალისწინებს - Новая газета

პუბლიკა

რუსული გამოცემა Новая газета წერს, რომ მობილიზაციაზე პუტინის განკარგულების გასაიდუმლოებული მე-7 პუნქტი თავდაცვის სამინისტროს მილიონამდე ადამიანის მობილიზების უფლებას აძლევს.

გამოცემა წერს, რომ ეს ინფორმაცია მათ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ინფორმირებულმა წყარომ დაუდასტურა.

გუშინ, მას შემდეგ, რაც პუტინის განკარგულების ელექტრონული ასლი საკანონმდებლო პორტალზე აიტვირთა, აღმოჩნდა, რომ მე-7 პუნქტზე მითითებული იყო მხოლოდ ფრაზა – „ოფიციალური გამოყენებისთვის“. განკარგულების ერთ-ერთ ასლში კი მე-7 პუნქტი საერთოდ გამოტოვებულია.

მოგვიანებით, პრეზიენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მე-7 პუნქტი საიდუმლო ინფორმაციას შეიცავდა სამხედრო სამსახურში გასაწვევი რეზერვისტების რაოდენობასთან დაკავშირებით.

„მე მხოლოდ შემიძლია გავიმეორო, რაც სერგეი შოიგუმ თქვა – 300 000 ადამიანი. ჩვენ ამ რაოდენობის რეზერვზე ვსაუბრობთ“, – თქვა პესკოვმა.

წყარო პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან კი Новая газета-თან ამბობს, რომ თავდაპირველად რუსეთის ხელისუფლებაში განიხილებოდა მთლიანი დოკუმენტი ყოფილიყო კლასიფიცირებული, მაგრამ შემდეგ გადაწყდა, რომ მხოლოდ მე-7 პუნქტი დაემალათ. ასევე დისკუსია მიმდინარეობდა იმაზეც, თუ რამდენი ადამიანი უნდა გაეწვიათ მობილიზაციით.

„ეს რაოდენობა რამდენჯერმე შეიცვალა, საბოლოოდ კი 1 მილიონზე შეჯერდნენ“, – ამბობს წყარო რუსულ გამოცემასთან.

როგორც Новая газета წერს, „ოფიციალური გამოყენებისთვის“ – დოკუმენტების დაშიფვრის ერთ-ერთი სახეა.