პუტინმა გამარჯვების დღის მე-80 წლისთავთან დაკავშირებით დროებით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა

პუბლიკა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გამარჯვების დღის მე-80 წლისთავთან დაკავშირებით დროებით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აცხადებს. კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა სამხედრო ოპერაცია შეჩერდება 7-8 მაისის შუაღამიდან 10-11 მაისის შუაღამემდე.

კრემლის განცხადებით, რუსეთი მიიჩნევს, რომ უკრაინულმა მხარემ ამ მაგალითის მიხედვით უნდა იმოქმედოს.

„უკრაინული მხარის მიერ ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შემთხვევაში, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები ადეკვატურ და ეფექტურ რეაგირებას მოახდენენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსული მხარე კიდევ ერთხელ აცხადებს მზადყოფნას სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის წინაპირობების გარეშე.

პუტინმა მანამდე გამოაცხადა 30-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უკრაინაში აღდგომის შაბათ-კვირას, თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსმა ჯარებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება თითქმის 3000-ჯერ დაარღვიეს.

კრემლის განცხადებას უკვე მოჰყვა გამოხმაურება უკრაინიდან – უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიჰა X-ზე წერს, რომ თუ რუსეთს „ნამდვილად სურს მშვიდობა“, მან დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ყველანაირი საბრძოლო მოქმედება. მინისტრი სვამს კითხვას, რატომ უნდა დაელოდოს მოსკოვი 8 მაისამდე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაწყებას და დაამტკიცოს, რომ „ეს რეალურია და არა მხოლოდ აღლუმისთვის“.