პუტინმა მზაობა გამოხატა, უკრაინასთან ტყვეების გაცვლის საკითხი განიხილოს - ავსტრიის კანცლერი

პუბლიკა

ავსტრიის კანცლერის კარლ ნეჰამერის თქმით, პუტინმა მას უთხრა, რომ მზადაა უკრაინასთან ტყვეების გაცვლის საკითხი განიხილოს და მოსკოვი გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით ნაკისრ ვალდებულებებსაც შეასრულებს.

ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა ჟურნალისტებთან პუტინთან გამართული 45-წუთიანი სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა. სატელეფონო საუბარი ნეჰამერმის თქმით, ომის მიერ შექმნილი რეალობისა და ჰუმანიტარული საკითხების გარშემო წარიმართა.

ნეჰამერის თქმით, პუტინმა თავად წამოწია გაზის მიწოდების საკითხი და განაცხადა, რომ ყველა ვალდებულება ბოლომდე შესრულდება. ასევე, მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა მზაობა გამოთქვა, უკრაინასთან ტყვეების გაცვლის შესახებ ისაუბროს.

„მართლაც დაიწყებს თუ არა ის მოლაპარაკებებს, ეს კომპლექსური შეკითხვაა“, – თქვა ავსტრიის კანცლერმა.

ასევე, მისი თქმით, პუტინი საკვებთან დაკავშირებით წარმოქმნილ კრიზისს დასავლეთს აბრალებს და ამბობს, რომ მისი განმუხტვისთვის საჭიროა დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს სანქციები მოუხსნან.