პუტინს ევროპის „ფინეთიზაცია“ სურდა, ახლა კი იღებს ევროპის „ნატოიზაციას“ - ბაიდენი

პუბლიკა

მადრიდში NATO-ს სამიტი მიმდინარეობს. დღეს სამიტის ფარგლებში ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს შეხვდა. ბაიდენმა შეხვედრისას განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ზრდის თავის წარმომადგენლობას და მხარდაჭერას ევროპისადმი.

ხოლო პუტინის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რაც ერთ-ერთ მიზნად დასავლეთის დასუსტებას და NATO-ს გაფართოების შეჩერებას ისახავდა, ალიანსი პირიქით, უფრო ძლიერი და ერთიანი გახდა და ახლა მას ორი ახალი წევრიც შეუერთდება.

ბაიდენის თქმით, შვედეთისა და ფინეთის მიერ გაკეთებული განაცხადი ალიანსის წევრობაზე ისტორიულია, რადგან მათ უარი თქვეს ნეიტრალურობის ტრადიციაზე და გადაწყვიტეს, შეუერთდნენ ნატოს. ეს კი ბაიდენის თქმით, გააძლიერებს როგორც მათ, ისე თავად ალიანსს.

„მე განვაცხადე, რომ პუტინი მიზნად ისახავდა ევროპის „ფინეთიზაციას“ და ის ახლა მიიღებს ევროპის „ნატოიზაციას“

ეს კი ზუსტად ის არის, რაც მას არ უნდოდა და ამავდროულად, რაც საჭიროა ევროპის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ვფიქრობ, ეს აუცილებელია“, – განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ევროპაში ამერიკული წარმომადგენლობის ზრდის კონკრეტულ მაგალითებზე. მათ შორის, მისი თქმით, დიდ ბრიტანეთში გაიგზავნა მეხუთე თაობის სამხედრო თვითმფრინავების, F-35-ების ორი ესკადრილია, იზრდება ესპანეთის საზღვაო ბაზაზე სამხედრო ხომალდების რაოდენობა, იზრდება პირადი შემადგენლობის რიცხვი რუმინეთში, როტაციული ბატალიონები ბალტიის ქვეყნებში და ხდება აშშ-ის მეხუთე არმიის კორპუსის მუდმივი შტაბის ფორმირება პოლონეთში.

LB loan image desktop LB loan image mobile