ქართული დიასპორისთვის ორმაგი მოქალაქეობის მიღება კიდევ უფრო უნდა გამარტივდეს - პრეზიდენტი

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, იმისთვის, რომ ქართულ დიასპორასა და ქვეყანას შორის არსებული კავშირი არ იყოს გაწყვეტილი, მნიშვნელოვანია ორმაგი მოქალაქეობის მიღება კიდევ უფრო გამარტივდეს.

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე – „ქართული დიასპორა საქართველოს ევროპული მომავლისთვის“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ორმაგი მოქალაქეობა კიდევ უფრო უნდა გავამარტივოთ. ჩვენ ვმუშაობთ ამაზე იუსტიციის სამინისტროსთან, რათა სწრაფად მივაღწიოთ იმას, რომ შეფერხებები, რომელიც არსებობს ამ გზაზე, მაქსიმალურად შემცირდეს, რამეთუ ქვეყნის ინტერესია, დიასპორის იმ წევრებმა, რომლებსაც სურთ, ჰქონდეთ ორმაგი მოქალაქეობა, შეძლონ შვილებისთვის ამის მიღწევა რაც შეიძლება ადვილად“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, როგორც პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საჭიროა დიასპორის წარმომადგენლების ჩართულობა პოლიტიკაში. სალომე ზურაბიშვილის თქმით, მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება, პარლამენტში იყვნენ წარმოდგენილი.

„მეორე, რაც საჭიროა იმისთვის, რათა ეს კავშირი იყოს ცოცხალი, არის მათი ჩართულობა საქართველოს ყოველდღიურ სახელმწიფო საქმეში, ანუ პოლიტიკაში. ამას სჭირდება ერთ რამ, რომ შეძლონ, წარმოდგენილი იყონ პარლამენტში. მე არაერთხელ, შარშანაც ვახსენე ეს ინიციატივა, მართალია, მე არ მეკუთვნის, ეს თქვენს ხელშია, პარტიებისა და პარლამენტის ხელში, მაგრამ აუცილებელია, როგორც ყველა ის სხვა დიდი დიასპორის მქონე ქვეყანა, მოვაგვაროთ ეს საკითხი, რათა დიასპორას ჰყავდეს პარლამენტში თავისი ინტერესების წარმომადგენლები.

ჩვენ რადგან გადავდივართ სისტემაზე, სადაც აღარ იქნებიან მაჟორიტარები, ეს ვერ მოხდება მაჟორიტარობის ფორმით, მაგრამ შეიძლება, მოხდეს კვოტების ფორმით, რომ ყველა პარტიამ აიღოს ვალდებულება, თავის სიაში იყოს დიასპორის წარმომადგენელი. ეს ნიშნავს, რომ უშუალოდ დიასპორას ეცოდინება მისი ქვეყნის ხედვა. თქვენ ახსენეთ, რომ ბევრად უფრო ახლოს არიან ევროპასთან, ეს შეიძლება, კარგად გამოგვადგეს, ეს არის ერთი ფორმა მათი დაკავშირების“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ამასთან, მისივე თქმით, უცხოეთში მყოფ ქართველებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, არჩევნებში ელექტრონული ფორმით მიიღონ მონაწილეობა.

„მესამე, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია, ეს არის არჩევნებში მათი მონაწილეობა. სადამდე უნდა იყოს, რომ უცხოეთში ჩვენ გვყავდეს მილიონზე მეტი ადამიანი და არჩევნებში მონაწილეობდეს დაახლოებით ათასობით ადამიანი. დღეს არსებობს ელექტრონული ფორმით არჩევნებში მონაწილეობის მიღების საშუალება. ჩვენს ქვეყანაში ეს გამოვცადეთ და ალბათ დრო არის, გადავიდეთ ამ საშუალების გამოყენებაზე, რათა უცხოეთში მყოფ ქართველებს მივცეთ საშუალება, უშუალოდ მიიღონ მონაწილეობა. თან როდესაც არ ცხოვრობ ისე ახლოს რომელიმე ქვეყნის დედაქალაქთან, ალბათ უფრო სხვა საკითხებზე ფიქრობ და ეს პოლარიზაციას ქვემოთ დასწევდა.

კიდევ ბევრი რამ არის, რაც შეგვიძლია, გავაკეთოთ იმისთვის, რომ დიასპორა იყოს უფრო ჩართული. ერთი არის დიასპორის სახლი, რომელიც შეიძლება, იყოს ვირტუალური სახლი. არ არის აუცილებელი, შენობა იყოს, მაგრამ იყოს ვირტუალური დიასპორის სახლი საქართველოში, რომელიც ერთი ფანჯრის პრინციპით იმუშავებდა ყველა კითხვაზე, რომელიც დაისმებოდა დიასპორაში.“

დღეს ასევე პრემიერ-მინისტრი გამოვიდა ინიციატივით, რომ დიასპორის წარმომადგენლებმა, საზღვარგარეთ ქართული პასპორტის აღებისას, იმავე საფასურით ისარგებლონ, რომელიც საქართველოში მოქმედებს.