ქართული კომპანიები ევროპის ქვეყნების საჯარო ტენდერებში მონაწილეობას შეძლებენ - მინისტრი

პუბლიკა

ქართულ კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საჯარო ტენდერებში მიიღონ მონაწილეობა. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

„როგორც იცით, ევროკავშირის მიერ 22 ივლისს გამოქვეყნდა გადაწყვეტილება, რომელიც ეფუძნებოდა ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების საბჭოს ანგარიშის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც ქართული კომპანიებისთვის ევროკავშირის ბაზარი გაიხსნა.

ამ შემთხვევაში, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ წლის განმავლობაში ევროკავშირში დაახლოებით 250 ათასზე მეტი საჯარო შემსყიდველი ორ ტრილიონზე მეტი ღირებულების პროდუქციას იძენს და კომპანიებისთვის, რომლებიც საქართველოში მოღვაწეობენ და რეგისტრირებული არიან, ამ ბაზარზე სრულფასოვანი წვდომის საშუალება და შესაძლებლობა გაჩნდა.

ეს არის შედეგი საქართველოს მიერ ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული ვალდებულებების შესანიშნავად შესრულების. ჩვენ ქართველ შემსყიდველებს, ქართველ კომპანიებს ვუჩენთ შესაძლებლობას, რომ თანაბარ პირობებში ევროპულ კომპანიებთან ერთად, ევროპის 27 ქვეყანაში მოახერხონ პროდუქციის მიწოდება იმ საჯარო უწყებებისთვის, რომლებიც საჯარო შესყიდვებით არიან დაინტერესებული, “- განაცხადა მან.

მისი თქმით, ეს ქართული ბიზნესისთვის ახალი სტიმული იქნება. ასევე, როგორც მინისტრმა თქვა, ეს მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროპულ ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციის კუთხით.

LB loan image desktop LB loan image mobile