„ქართული ოცნება“ არჩევნებზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას ქმნის

პუბლიკა

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, კახა კუჭავას თქმით, „ქართული ოცნება“ დროებითი არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის.

„არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ წარმოებული უსაფუძვლო პროპაგანდის პასუხად ჩვენ განვაცხადეთ, რომ პარლამენტი შექმნიდა დროებით საგამოძიებო კომისიას, რომელიც შეისწავლიდა 2020 წლის არჩევნებს და ყველა ბრალდებას, ყველა შესაძლო კითხვას დამატებით გაეცემოდა სამართლებრივი, მტკიცებულებებით გამყარებული პასუხი“, – განაცხადა კუჭავამ.

მისი თქმით, დროებითი საგამოძიებო კომისია ყველა დაინტერესებული სუბიექტის, საერთაშორისო პარტნიორებისა და ექსპერტების, პოლიტიკური პარტიებისა თუ შესაბამისი ორგანიზაციების მაქსიმალური ჩართულობით იმუშავებს.

კუჭავამ თქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებენ უბნების მაშტაბური გადათვლის ინსტრუმენტსაც.

„ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან მოლაპარაკებების პროცესის პარალელურად განაცხადა, რომ, თუკი დაფიქსირდება თუნდაც 1%-იანი გადახრა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, „ქართული ოცნება“ მზად არის, რიგგარეშე არჩევნები გამოაცხადოს, თუმცა, ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ დაფიქსირებული შედეგებიდან გადახრა გამორიცხულია“,  – განაცხადა კუჭავამ.