ქობულეთის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში საკარანტინო რეჟიმი დაწესდა

პუბლიკა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში: გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყავრუკაში  მკაცრი საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

„გარდა იმ წესებისა, რომლებიც გათვალისწინებულია საგანგებო რეჟიმით, ამ ადმინისტრაციულ ერთეულებში აკრძალულია შესვლა და გამოსვლა. ადგილზე ამ რეჟიმის აღსრულებას უზრუნველყოფს შსს-ს ძალები და ასევე  თავდაცვის ძალები”, – განაცხადა ჩიქოვანმა.

ირაკლი ჩიქოვანის განმარტებით, ისევე როგორც სხვა საკარანტინო რეჟიმის დასახლებულ პუნქტებში, მოსახლეობას გარეთ გამოსვლა შეეძლება მხოლოდ პროდუქტისა და მედიკამენტების შესაძენად, ასევე სამედიცინო მომსახურების საჭიროების შემთხვევაში.

„მათ ექნებათ საშუალება, განახორციელონ სასოფლო სამეურნეო სამუშაოები, თუ დაიცავენ იმ პროტოკოლს, რომელიც სპეციალურად ასეთი შემთხვევებისთვის არის შექმნილი. აქვე გეტყვით, რომ მუნიციპალიტეტისა და ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციას უზრუნველყოფს საოპერაციო შტაბი და ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და პრემიერის მრჩეველი რეგიონული ურთიერთობების საკითხებში სოზარ სუბარი.

ჯანდაცვის უწყებებმა დაიწყეს ყველა შესაძლო კონტაქტის მოკვლევა, რომელიც ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მედიკოსებმა და ეპიდემიოლოგებმა ადგილზე დაიწყეს პროაქტიური თერმოსკრინინგი. შემოწმდება აბსოლუტურად ყველა მოსახლე ამ ადმინიტრაციული ერთეულების”,  – განაცხადა ჩიქოვანმა.

მისი თქმით, მოსახლეობის საკვებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფას ადგილობრივი ხელისუფლება ეცდება.