ქორწინება არის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშან-თვისება, რითაც განვსხვავდებით პირუტყვებისგან – მიტროპოლიტი შიო

პუბლიკა

პატრიარქის მოსაყდრე შიო მუჯირის თქმით, ქორწინება არის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშან-თვისება, რითაც ადამიანები პირუტყვებისგან განსხვავდებიან. მის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს

17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. 2014 წელს კი საქართველოს საპატრიარქომ 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დაცვის დღედ გამოაცხადა. 

„თქვენ, ალბათ, იცით ეკლესიის სწავლება, რომ ადამიანი შექმნილია ხატად და მსგავსად ღვთისა. რაც შეეხება მსგავსებას, ამაზე არსებობს წმინდა მამათა სწავლება შეთანხმებული, მაგრამ რაც შეეხება ხატებას, ამაზე გამოთქმულია სხვადასხვა აზრი, მამათა უმრავლესობა ამბობს, რომ ხატება მდგომარეობს ადამიანის გონებაში, მის თავისუფალ ნებაში, ამბობენ ასევე, რომ ეს არის სული, სამშვინველი და სხეული, მაგრამ არიან წმინდა მამები, რომლებიც ასწავლიან, რომ ყოვლადწმინდა სამების ხატება გახლავთ ოჯახი.

ქორწინება არის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშან-თვისება ადამიანისა, რითაც ჩვენ განვსხვავდებით პირუტყვებისგან, არის რამდენიმე უმთავრესი ნიშან-თვისება – ეს არის გონება, ეს არის სიტყვა, რელიგია და ქორწინება. ამ მხრივ ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენთვის ძვირფასია ოჯახი, როგორც ღვთისგან ბოძებული სიწმინდე და როგორც ადამიანის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშან-თვისება. როდესაც ადამიანი ხელყოფს ოჯახის სიწმინდეს, შეურაცხყოფს მას, როდესაც ადამიანი აკნინებს სიტყვის ნიჭს და როდესაც ადამიანი უარყოფს რელიგიას, რა თქმა უნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ გონებასაც კარგავს ადამიანი და ასეთი ადამიანი შეიძლება იწოდოს სრულყოფილად?

ამრიგად, დღეს ჩვენ ვიცავთ ამ სიწმინდეს. დღეს დადგა ეს საჭიროება. ჩვენს წინაპრებს არასდროს ჰქონიათ ასეთი საჭიროება, იმიტომ რომ თავისთავად იგულისხმებოდა. დღეს დადგა და ვიმეორებ, რომ ჩვენ კი არ აღვადგენთ რამე წესს, ჩვენს მამა-პაპათა მიერ მოგონოლს, არამედ უშუალოდ ღვთის მიერ მოცემულს და ჩვენ ვზრუნავთ იმისთვის, რომ დავიმკვიდროთ ჩვენი ადგილი მომავალში. თუ დაიკარგება ეს უწმინდესი ღირებულება, მაშინ ჩვენი ერიც ვეღარ იარსებებს და გადაშენდება“, – განაცხადა მეუფე შიომ.