ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი 24 სექტემბერს გაიხსნება

პუბლიკა

24-29  სექტემბერს, რიგით მეორე ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება.

ორგანიზატორთა ცნობით, ფესტივალი 6 დღის განმავლობაში, კინოთეატრ „საქართველოში“ ფართო აუდიტორიას შესთავაზებს მრავალფეროვან პროგრამას. ფესტივალის პროგრამა კინოჩვენებებთან/ რეტროსპექტივებთან ერთად, უშუალოდ კინემატოგრაფისტებისთვის განკუთვნილ საგანმანათლებლო ღონისძიებებს, მასტერკლასებს, დისკუსიებს, პრეზენტაციებს მოიცავს.

მოკლემეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმების ჟიური გამარჯვებულს  ორ კატეგორიაში გამოავლენს: საუკეთესო ფილმი და საუკეთესო რეჟისორი. გამარჯვებულს გადაეცემა ფესტივალის პრიზი – ოქროს დინოზავრი.

ფესტივალზე აგრეთვე იმუშავებს  კინომცოდნეების ჟიური, რომელიც გამარჯვებულს გადასცემს მიხეილ კობახიძის სახელობის ჯილდოს.

ფესტივალის საპატიო სტუმარი იქნება ბერძნული წარმოშობის ამერიკელი კინოოპერატორი და რეჟისორი ფედონ პაპამაიკლი, რომელიც მრავალი პრესტიჟული კინემატოგრაფიული ჯილდოს მფლობელია. ფესტივალის ფარგლებში შედგება მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმის „მშვენიერი დღე“ ქართული პრემიერა და შეხვედრა-სემინარი ავტორთან.

ფესტივალის წლევანდელი ფოკუს ქვეყანა არის უკრაინა. უკრაინული კულტურის განვითარებისა და მხარდაჭერის  საერთაშორისო ფონდისა და ფრანგულ-უკრაინული ახალგაზრდული კინოფესტივალის „МIСТ“ მხარდაჭერით ნაჩვენები იქნება თანამედროვე უკრაინული მოკლემეტრაჟიანი ფილმები.

„გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით წარმოდგენილი იქნება ობერჰაუზენის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის პროგრამა, რომელიც სპეციალურად ჩვენი ფესტივალისათვის არის გაკეთებული და რომელსაც წარმოადგენს ფესტივალის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების კურატორი – ქრისტიანე ბიუხნერი.

იონას მეკასის დაბადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავად, საქართველოში ლიეტუვის საელჩოსთან და CinExpress-თან თანამშრომლობით ნაჩვენები იქნება მისი ფილმები.

საქართველოს ეროვნული არქივი წარმოგვიდგენს პროგრამას „ქუთაისი და წყალტუბო საბჭოთა კინოქრონიკაში“. აგრეთვე, კინოარქივისა და საქართველოს კინოცენტრის ხელშეწყობით ნაჩვენები იქნება აღდგენილი ქართული კინომემკვიდრეობა: მაგდანას ლურჯა და ალავერდობა“, – აცხადებენ ორგანიზატორები.

ორგანიზატორთა ცნობით, ფესტივალზე ნაჩვენები იქნება ოთარ იოსელიანის ფართო აუდიტორიისთვის ნაკლებად ცნობილი მოკლემეტრაჟიანი ფილმები. ასევე, მაყურებელს პირველად ქუთაისში ექნება შესაძლებლობა, ნახოს შარშანდელი ბერლინალეს ტრიუმფატორი რეჟისორის, ალექსანდრე კობერიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმები.

ტრადიციულად, ფესტივალზე იქნება წარმოდგენილი ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების პანორამა.

ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება:

  • ქართველი მხატვრისა და დიზაინერის გუგა კოტეტიშვილის მასტერკლასი „ფერი კინოში“;
  • სლოვაკური წარმოშობის ბრიტანელი პროდიუსერისა და რეჟისორის კატია კრაუსოვას მასტერკლასი „კრეატიული პროდიუსერი და საერთაშორისო კო-პროდუქცია“,
  • ქართველი მსახიობების და ქასთინგის რეჟისორების ეკა მჟავანაძის და თეკლა ჯავახაძის მასტერკლასი „მსახიობი და თანამედროვე კინოს გამოწვევები“.

ფესტივალის ფარგლებში იმუშავებს მოკლემეტრაჟიანი ფილმის სცენარის განვითარების ვორქშოპი, ტუტორები: სცენარისტი, რეჟისორი, პროდუსერი ლეო გაბრიაძე, რეჟისორი ალექსანდრე კობერიძე, სცენარისტი, რეჟისორი უტა ბერია და პროდუსერი თიკო ნადირაშვილი.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამარჯვებული პროექტისთვის დააწესა ფულადი ჯილდო- 5000 ლარი, რომელიც 2 საუკეთესო სცენარზე გადანაწილდება. პირველ ადგილზე გასული დაჯილდოვდება – 3000ლარით, მეორე ადგილზე გასული – 2000 ლარით.

ფესტივალის სრული პროგრამა იხილეთ ბმულზე.