ქუთაისში მყოფი COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტი საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობს

პუბლიკა

ქუთაისის ერთ-ერთი კლინიკის ბოქსირებული პალატიდან „TV პირველის“ ეთერში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი ჩაერთო. პაციენტის თქმით, ის საფრანგეთიდან 17 მარტს დაბრუნდა და აეროპორტიდან პირდაპირ საირმის კარანტინში გადაიყვანეს. მისივე თქმით, საქართველოში კონტაქტი არავისთან ჰქონია. პაციენტმა სიმპტომების შესახებაც ისაუბრა.

„ჩამოსვლის დროს არანაირი სიმპტომი არ მქონდა, გადამიყვანეს პირდაპირ კარანტინში. ერთი კვირის განმავლობაში არანაირი სიმპტომი არ მქონია, მეორე დღეს გემოს და ყნოსვის შეგრძნება დავკარგე, მაგრამ ამას არ მივაქციე ყურადღება, რადგან მეგონა, რომ გავცივდი. მერე დაიდო ინფორმაცია, რომ შეიძლება ესეც ერთ-ერთი სიმპტომი იყოსო. კარანტინში ყოფნიდან ერთი კვირის თავზე მქონდა ტემპერატურაც – 37 და ცოტა ყელი ამტკივდა, დავრეკე სასწრაფოში და გადმომიყვანეს ქუთაისის ამ კლინიკაში, ჩამიტარდა ანალიზი. 4-5 საათში ვირუსი დადასტურდა“, – აცხადებს პაციენტი.

პაციენტის თქმით, ვირუსის დადასტურების შესახებ ინფორმაცია ჯგუფელებსაც გაუზიარა და იმ უნივერსიტეტსაც, რომელშიც თავად სწავლობდა.

„როგორც მითხრეს საშუალო სიმძიმის პაციენტიც არ ვარ. ასეთი ამბები რომ არ იყოს მთელ მსოფლიოში, არ მივაქცევდი ყურადღებას ამ ყველაფერს. როცა სასწრაფო გამოვიძახე, სიცხე მქონდა, მას შემდეგ მესამე დღეა სიცხეც აღარ მაქვს, ყელიც აღარ მტკივა, ერთადერთი ყნოსვისა და გემოს შეგრძნება მაქვს დაკარგული. როგორც ჩვეულებრივი გაციებისა და გრიპის დროს იცის, ოღონდ ამდენ ხანს არასდროს გამგრძელებია, მაქსიმუმ 2 დღე გრძელდებოდა. დღეს არის მე-8 თუ მე-9 დღე, რაც ასე ვარ. ხველა და სუნთქვის უკმარისობა არც მქონია და არც ახლა მაქვს. ფილტვებზეც გადავიღე და ფილტვების ანთებაც არ მაქვს“, – ამბობს COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტი.