ქვეყანაში გვყავს 256 ინფექციონისტი, რომლებსაც შეუძლიათ მოუარონ 853 პაციენტს - ტიკარაძე

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ ჰყავთ 256 ინფექციონისტი და მათი გადანაწილებით  853 პაციენტის მოვლა შეუძლიათ.

„მნიშვნელოვანია, რომ  ვიცოდეთ, რამდენი ინფექციონისტი გვყავს, არც ინფექციონისტების რიცხოვნობით ვართ ჩვენ განებივრებულნი და გვყავს სულ 256 ინფექციონისტი და მათი ოპტიმალური გადანაწილებით ჩვენ შეგვიძლია მოვუაროთ მხოლოდ 853 ინფექციურ პაციენტს“, –  თქვა მინისტრმა.

ტიკარაძის თქმით, ამ რაოდენობის გამო გადაიდგა მკაცრი ნაბიჯები, რომელიც ხშირ შემთხვევაში კრიტიკას იმსახურებს.

„როცა ამ რიცხვებს აანალიზებ, მაშინ ხვდები, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის გადადგა ძალიან მკაცრი ნაბიჯები, მიიღო საკმაოდ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში იმსახურებს კრიტიკას და იყო ძალიან ფრთხილი. სწორედ ესაა მამოტივირებელი და ბიძგი იმისა, თუ რატომ დავიწყეთ ასე ადრე თამამი ნაბიჯების გადადგმა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ტიკარაძის თქმით, საქართველოში სულ 1700-ზე მეტი სასუნთქი აპარატია, თუმცა მის სამართავად  ქვეყანას არ ჰყავს საკმარისი რეანიმატოლოგები.

„სასუნთქი აპარატი საქართველოში ბევრია, არის 1700-ზე მეტი სასუნთქი აპარატი, რომლებსაც რეანიმატოლოგების ეს რიცხვი ფიზიკურად ვერ მართავს. ეს არის დრამატული ფაქტი. ამიტომ იყო საჭირო ჯანდაცვაში ის რეფორმები, რომლებიც დაიწყო“, – განაცხადა ტიკარაძემ.