ქვეყანაში პიკი ამ ეტაპზე არ არის, კიდევ ველოდებით ზრდას - ჯანდაცვის მინისტრი

პუბლიკა

ქვეყანაში პიკი ამ ეტაპზე არ არის. ჯერჯერობით, კიდევ ველოდებით ზრდას. პიკს ველოდებოდით 4 აპრილისთვის, თუმცა ახლა აპრილის მეორე ნახევარი შეიძლება იყოს უფრო მზარდი, რადგან ყოველდღიურ რეჟიმში გვემატება ათობით პაციენტი, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პაციენტთა ზრდის არსებული დინამიკა ქმნის მოლოდინს, რომ აპრილის მეორე ნახევარში იქნება COVID 19-ის პიკი, თუმცა, მინისტრის თქმით, ყველანაირად ცდილობენ ან გადაავადონ, ან თავიდან აიცილონ პიკის რთულად განვითარება.

ჯანდაცვის მინისტრმა ასევე ისაუბრა, პიკის დროს რამდენად მზად იქნება ჯანდაცვის სექტორი, პაციენტთა გაზრდილ რაოდენობასთან გასამკლავებლად.

„დღეის მდგომარეობითაც, ჩვენი სამსახური ყოველდღე მიაწოდებს უკვე სამედიცინო რესურსებს თბილისიდან სხვა კლინიკებს და გვექნება სრული სურათი როგორც მიწოდების, ასევე ხარჯვით ნაწილზე. ჩვენ ვიცით, რომ ამ კლინიკებში პაციენტების მიმართვიანობა დიდია და შესაბამისად – მათი დატვირთვაც. შესყიდვის სამსახური სხვა სტრუქტურებთან ერთად მუდმივ რეჟიმში მუშაობს მარაგის შევსებაზე და ესეც გვაძლევს იმის საფუძველს, რომ  უზრუნველვყოთ ექიმების სრული აღჭურვა და მათი სრული უსაფრთხოება”, – განაცხადა ტიკარაძემ.