რა რეკომენდაციების დაცვით უნდა გაიმართოს გამოცდები უნივერსიტეტებში

პუბლიკა

ჯანდაცვის სამინისტრომ ზოგადი რეკომენდაციები შეიმუშავა  უმაღლესი სასაწავლებლების ლაბორატორიებისა და შიდა საგამოცდო ცენტრებისთვის, რაც უზრუნველყოფს გამოცდებზე კორონავირუსის გავრცელების რისკის მინიმუმამდე შემცირებას.

შესაბამისად, თუკი უნივერსიტეტების შიდა საგამოცდო ცენტრები ფინალურ გამოცდებს დაგეგმავენ, სწორედ აღნიშნული რეკომენდაციების დაცვით უნდა იმოქმედონ.

რეკომენდაციების თანახმად, პედაგოგებისა და სტუდენტების მიღება სასწავლო დაწესებულებაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს  წინასწარ განსაზღვრული გეგმის/ცხრილის მიხედვით. გარდა ამისა, წინასწარ უნდა იყოს განსაზღვრული პედაგოგებისა და ცვლებში მისაღები სტუდენტების რაოდენობა ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამუშაო ფართის ყოველ 5მ2 ფართობზე 1 (ერთი) ადამიანის დაშვება; ასევე, უზრუნველყოფილი უნდა იყოს  ნაკადის კონტროლი უსაფრთხო დისტანციის დაცვით (არაუმცირეს 2მ);

სტუდენტები იმგვარად უნდა განთავსდნენ სასწავლო მაგიდენთან, რომ არ აღმოჩნდნენ ერთმანეთისა და პედაგოგის პირისპირ; ერთიან შესასვლელთან უნდა გაიარონ თერმოსკრინინგი, ცხელების დაფიქსირების შემთხვევაში კი დაუყონებლივ უნდა მიმართონ 112-ის ცხელ ხაზს; გარდა ამისა, უზრუნველყოფილი უნდა იყოს პედაგოგთა და სტუდენტთა დაშვება სასწავლო დაწესებულებაში მხოლოდ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (ნიღბები, საჭიროების შემთხვევაში სახის ფარები/დამცავი სათვალეები); 

ასევე, რეკომენდაციებში ყურადღება გამახვილებულია ხელის დაბანის გამართული საშუალებების არსებობაზე, სამუშაო სივრცეების ბუნებრივ ვენტილაციასა და ყოველდღიურ დეზინფექციაზე.

დოკუმენტში ზოგადი რეკომენდაციების გარდა, ასევე მოცემულია ვალდებულებები საგამოცდო ცენტრებისთვის:

გამოცდაზე სტუდენტების მიღება უზრუნველყავით იმგვარად, რომ დაკავებული იყოს სამუშაო ფართის 50%;

მაგიდების განლაგებისას გამოიყენეთ პრინციპი: სამუშაო სივრცის ყოველ 5მ2 ფართობზე დაუშვით მხოლოდ 1 (ერთი) ადამიანი;

არ დაუშვით საგამოცდო ცენტრში პედაგოგები და სტუდენტები ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გარეშე;

სტუდენტები მაგიდებთან არ განათავსოთ ერთმანეთის პირისპირ;

საგამოცდო ცენტრში სტუდენტების მისაღებად გამოიყენეთ ცვლებში მუშაობის რეჟიმი;

ყოველი ცვლის შემდგომ გამოიყენეთ სანიტარული შესვენება;

უზრუნველყავით საგამოცდო დარბაზის შესასვლელში ხელის დეზინფექციისთვის საჭირო სულ მცირე, 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ხსნარის განთავსება;

უზრუნველყავით გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი. ნარჩენების პარკის ამოღება და განკარგვა მოახდინეთ ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით;

უზრუნველყავით ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ.

პედაგოგთა და სტუდენტთა ვალდებულებები:

დაიცავით ჰიგიენის წესები სასწავლო ორგანიზაციის სივრცეში;

გამოიყენეთ სრულად ინდივიდუალური დაცვის საშუალებები;

ჩაიტარეთ ხელების ადეკვატური ჰიგიენა (სპირტის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებების გამოყენება იმ შემთხვევაში, როცა ვერ ხერხდება ხელების დაბანა. ხილული დაბინძურების, ან ბიოლოგიური სითხეების მოხვედრისას ხელების წყლითა და საპნით დაბანა სავალდებულო წესით);

მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას. მუშაობის პერიოდში უზრუნველყავით თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმის სახის ზედაპირთან შეხება (შესაძლებელია ჩაჩის, ან სპეციალური თავსაბურავის გამოყენება).