რა შეზღუდვები მოისნება 23 მაისიდან - საკითხი საგანგებოს დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი

პუბლიკა

მთავრობის ადმინისტრაციის თქმით, მთავრობა პარლამენტთან ერთად საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობს და რა შეზღუდვები იმოქმედებს საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მოგეხსენებათ, რომ 3 დღეში საქართველოში საგანგებო მდგომარეობა სრულდება – საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით მოქმედებს. რა შეზღუდვები მოიხსნება, რა დარჩება და რის საფუძველზე – „პუბლიკა” ამ კითხვებზე პასუხის გაგებას შეეცადა. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ:

„საგანგებო მდგომარეობის ვადით დაწესებული შეზღუდვები უქმდება საგანგებო მდგომარეობის დასრულებასთან ერთად. თუმცა, როგორც მოგეხსენებათ, მთავრობა პარლამენტთან ერთად მუშაობს საკანონმდებლო ცვლილებებზე და რა შეზღუდვები იმოქმედებს საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ამის შესახებ საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი”, – განუცხადეს „პუბლიკას” ადმინისტრაციაში.


მოგეხსენებათ, რომ პრეზიდენტის დეკრეტის საფუძველზე მთავრობამ მიიღო შესაბამისი დადგენილება, სადაც გაწერილია საზოგადოებისთვის ცნობილი ყველა შეზღუდვის შესახებ.

მაგალითად, დადგენილებაში აღნიშნულია, რომ საგანგებო მდგომარეობის ვადით ჩერდება:

► საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენითა და საბაგიროთი გადაადგილება;

► საქალაქთაშორისო ან/და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მგზავრთა გადაყვანა;

► სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა;

► საგანგებო მდგომარეობის ვადით იკრძალება 21:00 საათიდან 06:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით.

► საგანგებო მდგომარეობის ვადით იკრძალება სატრანსპორტო საშუალებით 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება;

► იკრძალება საჯარო სივრცეში ფიზიკურ პირთა თავშეყრა 10 პირზე მეტი რაოდენობით და სხვა შეზღუდვები.

შესაბამისად, მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, ამ და სხვა შეზღუდვებიდან რომელზე მიიღებს გადაწყვეტილებას მთავრობა, რომ კვლავ აამოქმედოს, საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდგომ გახდება ცნობილი.

რომელ კანონპროექტს გულისხმობს მთავრობის ადმინისტრაცია?

საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა უმრავლესობის წევრების  საკანონმდებლო ინიციატივა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში” ცვლილებების შეტანის შესახებ.

კანონპროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებების ფარგლებში შეიძლება შეიზღუდოს:

►საჯარო დაწესებულებების საქმიანობის უფლება; პირთა მიმოსვლის (გადაადგილების) უფლება;

►საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის უფლება;

► ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრა.

ქვეყანაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების უმეტესობამ ამ კანონში დაგეგმილი ცვლილებები უარყოფითად შეაფასა.

TI-ის განაცხადებით, კანონპროექტით, საკარანტინო ღონისძიებების ცნება იმდენად გაფართოებულია, რომ ფაქტობრივად უთანაბრდება საგანგებო მდგომარეობას და მოიცავს საჯარო დაწესებულებების საქმიანობის, პირთა მიმოსვლის, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის, უკანონო მიგრაციის/საერთაშორისო დაცვის, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრის მოწესრიგებას კანონმდებლობისგან განსხვავებულად, მათ შორის შესაბამისი შეზღუდვების დაწესებას. საკარანტინო ღონისძიებების გამოყენების წესს კი მთავრობა განსაზღვრავს.

აღნიშნული კანონპროექტის ინიციატორები პროექტის  დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვენ. დღეს მისი განხილვა ჯანდაცვის კომიტეტზე მიმდინარეობს.

ამავე თემაზე:

► ახალი კანონპროექტი მთავრობას არაპროპორციულ ძალას ანიჭებს – საია საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შემოსაღებ რეგულაციებზე;

► დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები ადამიანის უფლებების დარღვევის რისკებს შეიცავს – EMC;

► საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შემზღუდავი ღონისძიებები არაკონსტიტუციურია – TI;

► აუცილებელია ამ შეზღუდვების დაწესება პარლამენტის ნებართვით ხდებოდეს – გოცირიძე;

► საკარანტინო ღონისძიების ფარგლებში მთავრობა შეზღუდვების დაწესებას საგანგებოს გარეშეც შეძლებს – კანონპროექტი.