რა ვადებში გამოქვეყნდება რუსული კანონი - მენაბდეს განმარტება

პუბლიკა

პარლამენტმა დღეს, 28 მაისს რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია და კანონი საბოლოოდ მიიღო.

კანონს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა. 4 წინააღმდეგი იყო.

კანონი ხელმოსაწერად პრეზიდენტს დაუბრუნდება. თუ სალომე ზურაბიშვილი ხელს კვლავ არ მოაწერს, კანონზე ხელის მოწერა შეეძლება პარლამენტის თავმჯდომარეს. მას შემდეგ, რაც შალვა პაპუაშვილი რუსულ კანონს ხელს მოაწერს და გამოაქვეყნებს, კანონი ძალაში შევა.

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ კანონი, მაქსიმუმ, 10 ივნისამდე გამოქვეყნდება.

„პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ახლა რა იქნება?

1. კანონი 3 დღის ვადაში გადაეგზავნება პრეზიდენტს ხელმოსაწერად და გამოსაქვეყნებლად;

2. პრეზიდენტს მასზე ვეტოს დადების უფლება აღარ აქვს;

3. პრეზიდენტს ხელმოსაწერად და გამოსაქვეყნებლად 5 დღე აქვს;

4. თუმცა პრეზიდენტს შეუძლია ხელი არ მოაწეროს კანონს;

5. ასეთ შემთხვევაში 5 დღეში კანონს ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.

ასე რომ მაქსიმუმ 10 ივნისს კანონი გამოქვეყნდება“, – წერის ის სოციალურ ქსელში.


კანონის ძალაში შესვლის შემდეგ მაქსიმუმ 3 თვეში, სუბიექტები, რომლებსაც 2023 წლის მონაცემებით, 20%-ზე მეტი უცხოური დაფინანსება აქვს, ვალდებულები იქნებიან, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად დარეგისტრირდნენ.

რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა – გამოიწვევს 25 000 ლარით დაჯარიმებას;

სააგენტოსთვის განაცხადის წარდგენის შეუსრულებლობა, განაცხადსა და დეკლარაციაში ხარვეზის გამოსწორებისთვის ვადის დარღვევა – 10 000 ლარით დაჯარიმდება.

ერთი თვის ვადაში იგივე ქმედების ჩადენა 20 000 ლარით დაჯარიმდება.

გარდა ამისა, იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება, ყველა პირი (ფიზიკურიც) 5000 ლარით დააჯარიმოს მოთხოვნილი ინფორმაციის (მათ შორის, საიდუმლო, პერსონალური, კომერციული თუ პროფესიული ინფორმაციისაც) წარუდგენლობისთვის.