რა ვიცით COVID-19-ის ახალი ვარიანტის „დელტაკრონის“ შესახებ - გამყრელიძის განმარტება

პუბლიკა

„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მედიას ინფორმაცია კორონავირუსის ახალი ვარიანტის, „დელტაკრონის“ შესახებ მიაწოდა.

ახალი შტამი არის „დელტა“ და „ომიკრონ“ შტამების ჰიბრიდი. გამყრელიძის ინფორმაციით, სხვადასხვა ქვეყანაში რამდენიმე ათეული შემთხვევაა დაფიქსირებული.

„არის, ჯერჯერობით, ათეული შემთხვევა – 30 საფრანგეთში, 20 ბრიტანეთში  და ა.შ. ალბათ, შესაძლებელია, რომ ეს გავრცელდეს.

ნუ, წინასწარი მონაცემები ამ შტამისა გახლავთ ის, რომ მას კი აქვს წამოღებული გარკვეული გენეტიკური ინფორმაცია „დელტასი“ და ასევე „ომიკრონის“, მაგრამ ჭარბობს „ომიკრონის“ თვისებები.

„ომიკრონის“ მეორე შტამი არის ძალიან მაღალი რეპროდუქციის ინდექსით, ანუ სწრაფად ვრცელდება. დაახლოებით, 12 აქვს. ყველაზე მაღალი აქვს წითელას – 18 და „ომიკრონს“ აქვს ასევე ძალიან მაღალი – 12. ამიტომ „დელტაკრონიც“ სწრაფად ვრცელდება, მაგრამ, ჯერჯერობით, რაც არის შემთხვევები, მისი კლინიკური მიმდინარეობა არის უფრო „ომიკრონისკენ“, ვიდრე „დელტასკენ“.

ხაზს ვუსვამ, ეს არის წინასწარი, მცირე ციფრებზე მონაცემები. აქედან გამომდინარე, მთავარ რეკომენდაციად რჩება აცრა“, – განაცხადა გამყრელიძემ.