„რაც ხდება უკრაინაში ტრაგედიაა, მაგრამ სხვა არჩევანი არ იყო“ - პუტინი

პუბლიკა

„რაც ხდება უკრაინაში ტრაგედიაა, მაგრამ სხვა არჩევანი არ იყო“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკასთან ერთად კოსმოდრომ „ვოსტოჩნიზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რაც ხდება უკრაინაში არის ტრაგედია, მაგრამ ალექსანდრე გრიგორიევიჩმა [ლუკაშენკამ] სწორად თქვა: არჩევანი არ იყო. უბრალოდ არჩევანი არ იყო, ერთადერთი კითხვა იყო, როდის დაიწყებოდა. სულ ეს იყო“, – თქვა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკამ მას ბუჩაში მომხდარი „პროვოკაციის“ შესახებ დოკუმენტები გადასცა. პუტინმა აღნიშნა, რომ „რუსეთის სპეცოპერაცია უკრაინაში“ გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

კოსმოდრომ „ვოსტოჩნიზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე პუტინის განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ სტამბოლში მიღწეული შეთანხმებები ჩიხში შეიყვანა. ვლადიმერ პუტინის თქმით, აშშ მზად არის, „იომოს რუსეთთან უკანასკნელ უკრაინელამდე“.

პრესკონფერენციაზე მან ასევე ისაუბრა რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებზე და რუსეთის ეკონომიკაზე. პუტინის თქმით, გამოწვევები არსებობს, თუმცა რუსეთის მიმართ დასავლეთის სანქციების „ბლიცკრიგი“ ჩაიშალა.

„რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების „ბლიცკრიგი“ ჩაიშალა და ქვეყნის ფინანსური სისტემა და ინდუსტრია მუშაობს“, – თქვა მან.