რამდენ ხანს ძლებს კორონავირუსი ჰაერსა და სხვადასხვა ზედაპირზე - კვლევა

სხვა რესპირატორული ინფექციების მსგავსად, კორონავირუსიც ინფიცირებული ადამიანების მიერ ხველების, ლაპარაკისა და დაცემინების შედეგად გამოყოფილი  შხეფების საშუალებით ვრცელდება. თითო დახველებას დაახლოებით 3 000-მდე შხეფის წარმოქნმა შეუძლია. წარმოქმნილი შხეფები შეიძლება მოხვდეს როგორც ადამიანებზე, ტანსაცმელზე, საგნებზე, ისე გარკვეული დროის განმავლობაში დარჩეს ჰაერშიც.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, დასნებოვნებულ ზედაპირთან შეხების შემდეგ სახეზე ხელის მიდება „დაავადების გავრცელების მთავარ გზად არ არის მიჩნეული“. თუმცა, დაავადებათა ეროვნული ცენტრისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ხელების ხშირად დაბანა და ხშირი გამოყენების მყარი ზედაპირების დეზინფექცია ვირუსისგან თავის დაცვის მთავარი საშუალებაა. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ვერ გვეცოდინება ინფიცირებულთა რა ნაწილი დაავადდა დასნებოვნებულ ზედაპირთან შეხების შედეგად, ექსპერტების აზრით, ადამიანებს ნებისმიერ შემთხვევაში სიფრთხილე გვმართებს.

დასკვნები იმის შესახებ, თუ რამდენი ხანს ძლებს ვირუსი სხვადასხვა ზედაპირზე ძირითადად Sars-cov-2-ზე ჩატარებული კვლევებიდან ვიცით. რადგან მიიჩნევა, რომ დღეს გავრცელებული Covid-19 სწორედ ამ  წინამორბედი ვირუსის სახეცვლილი ფორმაა, კვლევებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვიმსჯელოთ ახალი ტიპის კორონავირუსზეც.

Sars და Mers კორონავირუსებზე ჩატარებული რამდენიმე კვლევის მიხედვით, ვირუსს მეტალზე, პლასტმასსა და შუშაზე 9 დღის განმავლობაში შეუძლია დარჩენა, მანამ სანამ მათი სათანადო დეზინფექცია არ მოხდება.  დაბალ ტემპერატურაზე, ზოგიერთი ტიპის კორონავირუსს 28 დღემდეც კი შეუძლია ზედაპირზე ყოფნა.

ერთი რამ, რაც კორონავირუსების შესახებ ზუსტად ვიცით ის არის, რომ ვირუსი უკიდურესად გამძლეა. მკვლევრები თანდათან იწყებენ იმის აღმოჩენას, რამდენად შეუწყო ხელი ამ თავისებურებამ ვირუსს მასშტაბურად გავრცელებაში.

ერთ-ერთი პირველი კვლევა ამერიკის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მკვლევრებმა ჩაატარეს, რომლის შედეგებიც „New England Journal of Medicine”-ში გამოქვეყნდა. კვლევის მიხედვით, ხველების შედეგად გამოყოფილ შხეფებში მყოფი ვირუსული ნაწილაკები ჰაერში 3 საათის განმავლობაში ძლებენ. ეს შხეფები 1-5 მიკრომეტრის ზომისანი არიან – ადამიანის თმის ღერზე 30-ჯერ პატარები.

ეს იმას ნიშნავს, რომ გაუფილტრავ ჰაერში ვირუსი მაქსიმუმ რამდენიმე საათის განმავლობაში რჩება. იმავე ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, კორონავირუსს მუყაოს მასალაზე 24 საათის განმავლობაში შეუძლია დარჩენა, პლასტმასსა და რკინაზე კი 2-დან 3 დღემდე.

კვლევა  ცხადყოფს, რომ ვირუსი ასევე დიდი ხნის განმავლობაში რჩება  კარის სახელურებზე, პლასტმასის ან ლამირებულ მყარ ზედაპირებზე და ა.შ.

არსებობს იმგვარი მატერიებიც, რომელზეც ვირუსი ნაკლები დროის განმავლობაში რჩება. მაგალითისთვის, სპილენძის ზედაპირზე მოხვედრის შემთხვევაში, კორონავირუსი მაქსიმუმ 4 საათის განმავლობაში გაძლებს.

ერთი შეხედვით ეს მონაცემები საშიშად ჟღერს, მაგრამ კვლევები ცხადყოფენ, რომ მრავალ ნივთიერებას შეუძლია ზედაპირის კორონავირუსისგან გაწმენდა. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ნივთიერებები გამოიყენება ვირუსის სადეზინფექციოდ და როგორია ამ ნივთიერებების მოხმარების წესი იხილეთ აქ.

წინამორბედ კოორნავირუსების შემთხვევაში დადგენილია, რომ მაღალი ტემპერატურა და ტენიანი ამინდი ხელს უწყობს მათ განადგურებას. მაგალითად, Sars კორონავირუსის შემთხვევაში  56 გრადუს ცელსიუსზე მაღალ ტემპერატურაზე 15 წუთში 10 000-ობით ვირუსული ნაწილაკი კვდება.

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის შემთხვევაში ზუსტად ვერ გვეცოდინება რამდენ ვირუსულ ნაწილაკს შეიცავს ინფიცირებული ადამიანის ხველების შედეგად გამოყოფილი შხეფები, გრიპის შემთხვევაში ზუსტად ვიცით, რომ ვირუსული ნაწილაკების რიცხვი შხეფში ათობით ათასს უტოლდება.

უცნობია, ზუსტად რამდენ ხანს ძლებს ვირუსი ტასნაცმელსა და იმ ტიპის ქსოვილებზე, რომელთა დეზინფექციაც შედარებით რთულია, მაგრამ „Rocky Mountain Laboratory“-ის ვირუსოლოგი ვინსენტ მუნსტერი ვარაუდობს, რომ ფოროვანი ქსოვილებიდან ვირუსი უფრო მალე უნდა ორთქლდებოდეს, ვიდრე მყარი ზედაპირებიდან.

ვირუსის უნარი, დიდხანს ძლებდეს სხვადასხვა ტიპის ზედაპირზე, კიდევ ერთხელ აჩვენებს აუცილებლობას, დავიცვათ პირადი ჰიგიენა და ხშირი გამოყენების ზედაპირებთან შეხების შემდეგ, გამოვიყენოთ სადეზინფექციო ხსნარი.

LB loan image desktop LB loan image mobile