რამდენიმე დაუმორჩილებელი ადამიანი ამ კლასტერის წარმოშობის მიზეზი გახდა - ზაალ მიქელაძე

პუბლიკა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, აჭარაში დღეს COVID-19-ის ორი ახალი შემთხვევა დაემატა, ორივე, ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან. ამ კლასტერიდან სულ 20 პაციენტია ინფიცირებული. მიქელაძის ცნობით, საერთო ჯამში, ბათუმის „მედალფაში” 25 ინფიცირებული მკურნალობს.

„ერთი გვყავს მძიმე, რომელიც 10 დღეზე მეტია, მკურნალობს კლინიკაში, თუმცა, მისი მდგომარეობა, სიმძიმის მიუხედავად, სტაბილურია. ყველა სხვა შემთხვევა ან საშუალო სიმძიმისაა, ან უფრო ნაკლები სიმძიმის. კლინიკიდან 6 გამოჯანმრთელებული მოქალაქე გავიდა და ორი ელოდება გამოჯანმრთელების ეტაპს”, – განაცხადა ზაალ მიქელაძემ ტელეკომპანია „იმედის” ეთერში.

ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, ე.წ. ქობულეთის კლასტერის კონტაქტები და კონტაქტების კონტაქტები, 203 ადამიანი გადაყვანილია კარანტინსა და თვითიზოლაციაში და დადასტურებული შემთხვევებიც უკვე გამოვლენილ კონტაქტთა რიგებიდან იზრდება. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ეს ადამიანები მუდმივი მონიტორინგის ქვეშ არიან, 187-ს ჩაუტარდა PCR ტესტირება, ასევე სწრაფი ტესტებიც.

„გვქონდა რა მოლოდინი იმისა, რომ უკვე გავრცელების ფაზაში გადავიდოდით, პირველადი ჯანდაცვის სექტორში ჩატარდა გადამზადება სამედიცინო პერსონალის და მისი ერთ-ერთი კომპონენტი იყო სწორედ სკრინინგი.

მოლოდინი გვქონდა უკვე, რომ დღეს გადავიდოდით სკრინინგის ეტაპზე. უკვე გამზადებული გუნდებიდან აირჩა კონტიგენტი, რომელმაც დილიდან დაიწყო აქტიური სკრინინგი, უპირველესად, იმ სოფლებში, რომლებიც განსაკუთრებული საკარანტინო რეჟიმის ზონაში მოექცა. ამ სოფლების შემდეგ გადავალთ მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში, რათა სრულად ვფლობდეთ ინფორმაციას მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ. მოსახლეობა იცავს იმ წესებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც მთავრობის მიერაა დაწესებული, თუმცა ამ შემთხვევამ ცხადყო, რომ რამდენიმე დაუმორჩილებელი ადამიანი გახდა ამ კლასტერის წარმოშობის მიზეზი”, – განაცხადა მიქელაძემ.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, დამატებული ინფიცირებულების მისაღებად აჭარაში ამ ეტაპისთვის მუშაობს ორი ცხელების და ორი კოვიდის მიმღების ცენტრი.

„ძალიან მოკლე პერიოდში მოხდა აღჭურვა და გაშვება ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოსი, რომელიც არის 27 სარეანიმაციო საწოლსა და 170 თერაპიულ საწოლზე და ჯამში ყველაზე კრიტიკული მომენტისთვის, პიკისთვის, არის საკმაო რესურსი როგორც რეანიმაციული, ასევე სტანდარტული თერაპიული საწოლებისა. გარწმუნებთ, არავითარი პრობლემა არ გვექნება”, – აღნიშნა მიქელაძემ.

ზაალ მიქელაძემ ასევე ისაუბრა პაციენტიდან პაციენტზე ვირუსის გადადების სავარაუდო შემთხვევაზე და აღნიშნა, რომ სამინისტროს საავადმყოფოსთან კითხვები აქვს, რადგან არსებობს მკაცრი დირექტივა კლინიკებისთვის, რომ მსგავსი აქტები არ მოხდეს. მიქელაძის თქმით, სანამ ყველაფერი არ გაირკვევა, საავადმყოფოს პაციენტების მიღება შეზღუდული აქვს.