რას ამბობენ მასწავლებლები მინისტრთან შეხვედრის შემდეგ

პუბლიკა

განათლების მინისტრსა და პედაგოგებს შორის გამართული სამუშაო შეხვედრა დასრულდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პედაგოგებმა განაცხადეს, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სასკოლო სივრცეში არსებულ ბევრ პრობლემას, მათ შორის ყველაზე აქტუალური პორტფოლიოსთან დაკავშირებული საკითხი იყო, ვინაიდან პედაგოგებს პორტფოლიოს წარდგენის ვადა თვის ბოლომდე აქვთ.

პედაგოგები ამბობენ, რომ მინისტრს პორტფოლიოსთან დაკავშირებით კონკრეტული პოზიცია შეხვედრაზე არ დაუფიქსირებია და არც გადაწყვეტილების მიღების კონკრეტული ვადა დაუსახელებია. მან მოისმინა პედაგოგების არგუმენტები და შეჰპირდა მათ, რომ გადაწყვეტილებას მათთან თანამშრომლობით მიიღებს და სამუშაო შეხვედრები გაგრძელდება. 

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პირველ სამუშაო შეხვედრაზე, რომელშიც 150-მდე მასწავლებელი მონაწილეობდა,  მინისტრმა, სამუშაო ჯგუფის წევრებმა და პედაგოგებმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის დახვეწის საკითხები, სკოლებში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს.

უკმაყოფილება ძირითადად პორტფოლიოთი იყო გამოწვეული, შევეცადეთ, მინისტრს დაენახა, რამხელა უკმაყოფილებაა, რამდენ საქმესთან უწევს მასწავლებლებს გამკლავება. შეხვედრაზე  საუბარი იყო ბავშვთა კვებაზე, საბაზისო ხელფასის მომატებაზე, დამრიგებლის ხელფასის მომატებაზე, ზოგადად მასწავლებლის კეთილდღეობაზე. ძალიან მწვავედ დაისვა საკითხი დირექტორების გადამოწმებისა, რომ ნეპოტიზმია სკოლებში, ძალიან მწვავედ ისაუბრა ერთ-ერთმა კოლეგამ. თქვეს, რომ ამასაც მიაქცევენ ყურადღებას.

კონკრეტული დაპირება და ვადები არ მოუციათ, თქვეს, რომ შევთანხმდებით და კიდევ გაგრძელდება ეს შეხვედრები თუნდაც იმავე ადამიანებთან, თუნდაც რაიონებში შეხვედრები. ველოდებით, ვნახოთ, რა იქნება. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის. ჩვენ შიდა სამზარეულო უკეთესად ვიცით და თუ საჭირო გახდება, ჩავერთვებით,  ყველას აზრი უნდა იყოს მაქსიმალურად გათვალისწინებული“, – უთხრა „პუბლიკას“ შეხვედრის დასრულების შემდგომ  178-ე საჯარო სკოლის პედაგოგმა, თამარ ცანავამ.

 

იდეაში გაჟღერდა ყველა ის საკითხი, რომლებზეც პრობლემა გვქონდა და რომლებზეც ვისაუბრეთ. ძირითადი იყო პორტფოლიოს თემა, სასკოლო კვების საკითხი, სქემაში სტატუსთან დაკავშირებული დეტალები. მინისტრის პასუხი იყო, რომ კონკრეტულ ვადას ნუ მოვთხოვდით, საკითხებს ჩაინიშნავდნენ და განიხილავდნენ.

პირველი ფრაზაში ითქვა, რომ არ მოგვეთხოვა კონკრეტული ვადა, მოისმენდა ჩვენს პრობლემებს. ვერ ვიტყვი, რომ გამოვედით ძალიან დიდი იმედით, რომ ამ კვირაში ან იქეთ კვირაში რამე გადაწყდება, ამის მოლოდინი არ გვაქვს. კონკრეტულ ვადებზე და კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე საუბარი არ ყოფილა. კონკრეტული დაპირება არ ყოფილა. ზოგადი ფრაზები მოვისმინეთ – ვეცდებით, გავაკეთებთ, ჩანიშნულია. ჩვენ, ცხადია, ვაგრძელებთ თანამშრომლობას“, – უთხრა „პუბლიკას“ ეკატერინე ჩიქოვანმა.

სამინისტროში აცხადებენ, რომ სკოლის პედაგოგებთან აქტიური კომუნიკაცია გაგრძელდება და შეხვედრებს პერმანენტული ხასიათი ექნება.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის მიხედვით, პედაგოგს დაწინაურებისთვის, ანუ წამყვანი ან მენტორის სტატუსის მისაღებად, პროფესიული გამოცდის ჩაბარებასთან ერთად ევალება პორტფოლიოს წარდგენა. პორტფოლიო არის ინდივიდუალური ნამუშევრების კრებული, სადაც დოკუმენტირებულია როგორც მუშაობის პროცესი, ასევე შედეგი.

პედაგოგების ნაწილი, რომლებსაც უკვე ჩაბარებული ჰქონდათ გამოცდა, თვეები ელოდებოდნენ პორტფოლიოს შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას. 10 აპრილს დამტკიცდა პორტფოლიოს შეფასების კრიტერიუმები. პორტფოლიოს წარდგენის ვადა კი აპრილის ბოლო იწურება.

პედაგოგთა ნაწილს მიაჩნია, რომ ამ ვადაში პორტფოლიოს მომზადება შეუძლებელია და ვადის გახანგრძლივებას ითხოვენ. ზოგიერთი მასწავლებელი კი მიიჩნევს, რომ მასწავლებლის პორტფოლიო, რომელიც პედაგოგის საქმიანობას, მის მიერ სასწავლო პროცესში განხორციელებულ აქტივობებს დოკუმენტურად ასახავს, აღარ უნდა იყოს სავალდებულო და სტატუსი პროფესიული გამოცდის საფუძველზე უნდა მიენიჭოთ.

პედაგოგების შეფასებით, პორტფოლიოს მომზადების ვალდებულება „ქაღალდომანიაა“ და მასწავლებლებს სასწავლო პროცესის სრულფასოვან წარმართვასთან ერთად პორტფოლიოს მომზადება უჭირთ, აღარ რჩებათ დრო სწავლებისთვის.