რატომ არის თბილისის ცენტრალურ ქუჩებში საცობი - კალაძის განმარტება

პუბლიკა

დედაქალაქის მერიის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, თბილისის მერმა კახა კალაძემ ცენტრალურ უბნებში მომატებული საცობების შესახებ ისაუბრა და განმარტა, რატომ არის გართულებული გადაადგილება თბილისის ქუჩებში.

კალაძე ამის მიზეზად მელიქიშვილისა და ქეთევან წამებულის გამზირებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასახელებს.

თბილისის მერი ამბობს, რომ შექმნილი მდგომარეობა დისკომფორტს იწვევს, მაგრამ ეს განპიროებებულია რეაბილიტაციის მასშტაბიდან გამომდინარე, ვინაიდან იცვლება არამხოლოდ გზის საფარი, არამედ წესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციები.

„ჩვენ დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელება, რეფორმის რომელსაც წლების განმავლობაში არავინ არ შეხებია და ჩვენ ვიცოდით და ვიცით, რას ვაკეთებდით, რამდენად მძიმე და რთული თემა იყო, ეს იყო მთლიანად ახალი სატრანსპორტო პოლიტიკა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმა, თუმცა მხოლოდ ეს არ არის პრობლემა და ის, რაც აწუხებს მოსახლეობას, საცობები განსაკუთრებით… მას შემდეგ, რაც სწავლა დაიწყო, განსაკუთრებით ცენტრალურ უბნებში გართულდა გადაადგილება, ეს ყვლაფერი განპირობებულია ინფრასტრუქტურული სამუშაოებით, რაც მუნიციპალიტეტმა დაიწყო ორ უმნიშვნელოვანეს გამზირზე – მელიქიშვილისა და ქეთევან წამებულის გამზირებზე მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ, სადაც შევდივართ სამუშაოებით, გვინდა, მაქსიმალურად მოვაწესრიგოთ, იქნება ეს კონკრეტული ქუჩა თუ გამზირი, თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით იმიტომ, რომ გვაქვს უმძიმესი მდგომარეობა ამ მიმართულებით.

მხოლოდ მოასფალტება და გზის საფარის შეცვლა არ იქნება გაკეთებული საქმე და ხვალ-ზეგ ისევ გადათხრა მოგვიწევს დაზიანებული მილის გამო და ა.შ. ამიტომ ეს გადაწყვეყტილება მივიღეთ თქვენთან ერთად. სადაც შევდივართ გვინდა, რომ ძირეულად იყოს ცვლილებები, პირველ რიგში მიწისქვეშა კომუნიკაციები. რა თქმა უნდა, ამას თან ახლავს დისკომფორტი და პრობლემები“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, გამზირების რეაბილიტაციის პროცესი გაგრძელდება, მიმდინარე სამუშაოების დასრულების შემდგომ გეგმაში წერეთლისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების რეაბილიტაციაა დაგეგმილი.