„რეაგირება იქნება შესაბამისი“ - ალუდა ღუდუშაური პრეზიდენტის ვიზიტებზე

პუბლიკა

უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა პარლამენტში პრეზიდენტის მოსმენის შემდეგ ტელეკომპანია „ფორმულასთან“ განაცხადა, რომ თუ საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, ის ვერ დადგება კანონსა და კონსტიტუციაზე მაღლა. ჟურნალისტმა მას შეკითხვა დაუსვა პრეზიდენტის იმ განცხადებაზე, რომელშიც მან აღნიშნა, რომ მას 2022 წლის 26 თებერვალს წერილობით ეთქვა უარი პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტების გამართვაზე.

„თუ ეს მართალია, რა თქმა უნდა, ამას შესწავლა უნდა და ამას ჩვენ შევისწავლით, თუ ეს მართალია, მაშინ, გამოდის რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია. იმ შემთხვევაში, როდესაც ნებისმიერი პირის ქმედება არის წინააღმდეგობაში საქართველოს მთავარ კანონთან, რომელსაც კონსტიტუცია ჰქვია, ვინც არ უნდა იყოს ეს პრეზიდენტი იქნება, დეპუტატი იქნება, თუ ნებისმიერი სხვა პირი, ბუნებრივია, ვერავინ ვერ დადგება კონსტიტუციაზე და კანონზე მაღლა. რეაგირება იქნება შესაბამისი“, – თქვა მან.

ჟურნალისტის კითხვაზე, იმუქრება თუ არა ის „კონსტიტუციის დაცვით“, მან უპასუხა, რომ ეს არ არის მუქარა, ეს არის კონსტიტუციის განუხრელი დაცვა.

„ნებისმიერი სუვერენული ქვეყნის ამოცანაა, რომ კანონებს და განსაკუთრებით კონსტიტუციას ყველამ ვცეთ პატივი და, რა თქმა უნდა, როდესაც საუბარი არის კონსტიტუციის  გარანტზე, პრეზიდენტზე, ბუნებრივია რეაგირების გარეშე ვერ ჩაივლის“, – თქვა ზურაბიშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტს დღეს პარლამენტში კრიტიკული გამოსვლა ჰქონდა. გამოსვლისას განაცხადა, რომ მას 2022 წლის 26 თებერვალს წერილობით ეთქვა უარი პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტების გამართვაზე.

„არსებული ვითარების გათვალისწინებით გავაუქმე ყველა ოფიციალური ფორმატი. ასეთ დროს საჭიროდ მივიჩნიე ჩემი პირადი კონტაქტების გამოყენება და სამუშაო ვიზიტების პირად შეხვედრებად გადაქცევა“, – თქვა ზურაბიშვილმა.