„რეორგანიზაციის შეწყვეტა საკითხის საუკეთესო გადაწყვეტა იყო" - კობახიძე რესპუბლიკურზე

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს მთავრობის სხდომაზე რესპუბლიკური საავადმყოფოს საკითხზე ისაუბრა. თქვა, რომ „რეორგანიზაციის შეწყვეტა იყო საკითხის საუკეთესო გადაწყვეტა”.

კობახიძის თქმით, მოხდება საავადმყოფოს ინფრასტრუქტურის განახლება ისე, რომ  არ დაირღვევა ექიმების, საავადმყოფოს მედპერსონალის ინტერესები.

„გუშინწინ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობისთვის ალტერნატიული პროექტის მომზადების შესახებ. საავადმყოფოს რეორგანიზაციის შეწყვეტის გადაწყვეტილება მივიღეთ. ეს იყო საუკეთესო გადაწყვეტა, რომელიც, ერთი მხრივ, მოგვცემს საავადმყოფოს ინფრასტრუქტურის სრულად განახლების შესაძლებლობას და, მეორე მხრივ, უზრუნველყოფს საავადმყოფოს პერსონალის, კოლექტივის ლეგიტიმური ინტერესების სრულად დაცვას. მინდა ვთხოვო ჯანდაცვის მინისტრს, შეძლებისდაგვარად მოკლე დროში, წარმოადგინოს ახალი კონცეფცია, რომელიც საშუალებას მოგვცემს წელსვე დავიწყოთ ახალი შენობის მშენებლობა“, – თქვა კობახიძემ.

ექიმებს, რომლებიც რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევას ეწინააღმდეგებოდნენ და სამინისტროს რეორგანიზაციის ბრძანების გაუქმებას ითხოვდნენ, კობახიძე 23-24 თებერვალს შეხვდა. მან ექიმები მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში ორჯერ მიიღო. საბოლოოდ კი გადაწყვეტილება მიიღეს, რომ დაწყებული რეორგანიზაციის პროცესი გაუქმდება.

კობახიძემ თქვა, რომ „უახლოესი თვეების განმავლობაში მთავრობა და სამინისტრო რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით ალტერნატიულ პროექტზე იმუშავებს.

კობახიძემ თქვა, რომ ალტერნატიული ვარიანტი, რომელიც გულისხმობს რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოს უკანა ტერიტორიაზე საავადმყოფოს მშენებლობას, ხოლო წინა ტერიტორიის საინვესტიციო მიზნებისთვის გამოყენებას, ექიმებმა შესთავაზეს. ეს შეთავაზება პრემიერ-მინისტრის თქმით, შეესაბამება იმ გეგმას, რომელიც წლების წინ,  ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა რესპუბლიკურთან დაკავშირებით.

„სწორედ უკანა ტერიტორიაზე იგეგმებოდა ახალი საავადმყოფოს მშენებლობა. ჩვენ ვიმუშავებთ სწორედ ასეთ პროექტზე, კიდევ ერთხელ წარიმართება საპროექტო სამუშაოები, დაიგეგმება შესაბამისი პროცესი და მომზადდება წინადადებები სწორედ ამ მიმართულებით, რომ უკანა ტერიტორიაზე განხორციელდეს საავადმყოფოს მშენებლობა, ხოლო წინა ტერიტორია გამოყენებული იქნას საინვესტიციო მიზნებისთვის, რაც ზუსტად შეესაბამება იმ შემოთავაზებას, რომელიც ჰქონდათ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს”, – თქვა გუშინ კობახიძემ ექიმებთან შეხვედრის შემდეგ.