სამინისტრო: რეორგანიზაცია რესპუბლიკურში, 15 თებერვლის ნაცვლად, 15 მარტს დასრულდება

პუბლიკა

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ერთი თვით გახანგრძლივდება რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის საკომპენსაციო პაკეტით გათვალისწინებული შეთავაზებების ვადა.

შესაბამისად, ექიმებმა ჯანდაცვის სამინისტროს შეთავაზებიდან ერთ-ერთი, 5 თებერვლის ნაცვლად, 5 მარტამდე უნდა აირჩიონ. სამედიცინო დაწესებულებაში, რეორგანიზაცია, 15 თებერვლის ნაცვლად, 15 მარტს დასრულდება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ „თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოსა და მის თანამშრომლებთან დაკავშირებით, ამომწურავი, დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, კლინიკის პერსონალთან პირდაპირი კომუნიკაცია გრძელდება. „სამედიცინო ჰოლდინგის“ ხელმძღვანელებსა და ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ სამუშაო ჯგუფთან შეხვედრები, 5 მარტამდე, ყოველდღიურად, 18:00-დან 19:00 საათამდე გაიმართება”.

რას სთავაზობენ ექიმებს: 

  1. ის, ვინც მხოლოდ „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ მუშაობს, კლინიკის დანგრევის შემდეგ მიიღებს 12-თვიან კომპენსაციას;

  2. ვინც უარს იტყვის 12-თვიან კომპენსაციაზე, სამინისტრო იმავე პოზიციაზე სხვა კლინიკაში (წინასწარ არ ეუბნებიან ექიმებს, რომელში) დაასაქმებენ და მიიღებს 4 თვის კომპენსაციას.

სამინისტროს პრესსამსახურის განმარტებით, ჯერ მათ „რესპუბლიკურის“ თანამშრომლებისგან უნდა მიიღონ ინფორმაცია, რამდენი მათგანია თანახმა ალტერნატიულ სამსახურზე, რათა შემდგომ სხვა კლინიკებთან დაიწყონ მოლაპარაკებები.

   3. სამინისტრო აცხადებს, რომ ისეთ ექიმებს, რომლებსაც ვერ შესთავაზებენ ალტერნატიულ სამსახურს, 3 წლის განმავლობაში გადაუხდიან ყოველთვიურ ხელფასს,

4. თუ „რესპუბლიკურის“თანამშრომელი ამავდროულად სხვა კლინიკაშია დასაქმებული, მიიღებს კომპენსაციას 4 თვის განმავლობაში.

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს ჯანდაცვის მინისტრმა და პრემიერ-მინისტრმა 22 იანვარს უთხრეს, რომ ისინი კლინიკის დანგრევის შემდეგ მიიღებდნენ „ღირსეულ შეთავაზებებს”, ალტერნატიულ სამუშაო ადგილებსა და კომპენსაციებს.