სამინისტრო: რესპუბლიკურის 250-მდე თანამშრომელმა საკომპენსაციო პაკეტი აირჩია

პუბლიკა

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის კომპენსაციების გაცემა დაიწყო. მათივე ცნობით, კლინიკის 250-მდე თანამშრომელმა სამინისტროს მიერ შეთავაზებული საკომპენსაციო პაკეტი აირჩია და შესაბამისი შეთანხმებით დაადასტურა.

სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გრძელდება კლინიკის შენობის ფასადის დემონტაჟი, „რომელიც სამხარაულის დასკნის მიხედვით, ავარიულია და გადაუდებელ დემონტაჟს ექვემდებარება“.

„რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე, ახალი მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კლინიკა მოეწყობა, რომელიც ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას უზრუნველყოფს.

კლინიკაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის უფლებები იქნება სრულად დაცული. რესპუბლიკური საავადმყოფოს თითოეული თანამშრომელი, უზრუნველყოფილი იქნება დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით, თუ ღირსეული კომპენსაციით.

ჯანდაცვის სამინისტრომ 10-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებასთან აწარმოა მოლაპარაკებები, სადაც რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს, ალტერნატიული დასაქმების შეთავაზებები აქვთ.

შეთავაზებების პაკეტის მიხედვით:

  • ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოშია დასაქმებული, კომპენსაციის სახით, ერთჯერადად, 12 თვის ხელფასით იქნება უზრუნველყოფილი.

  • თუ კლინიკის თანამშრომელი სხვა დაწესებულებაშიც მუშაობს კომპენსაციის სახით, 4 თვის ხელფასს მიიღებს.

  • სამედიცინო პერსონალი, რომელიც 12 თვიან კომპენსაციაზე უარს განაცხადებს, ჯანდაცვის სამინისტრო, სხვა სამედიცინო კლინიკაში, იგივე პოზიციაზე დასაქმებასა და 4 თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაციას შესთავაზებს.

  • სამედიცინო პერსონალი, რომელიც არ მუშაობს სხვა დაწესებულებაში და სამინისტრო, ალტერნატიულ სამსახურს ვერ შესთავაზებს, უწყება, 3 წლის განმავლობაში, დასაქმებამდე, ყოველთვიურ სახელფასო ანაზღაურებას გადაუხდის,” – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

22 იანვარს ცნობილი გახდა, რომ დაინგრევა რესპუბლიკური საავადმყოფოს მოქმედი შენობა, მის ნაცვლად კი ახალი აშენდება.

ექიმების ნაწილი რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება. მათ არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს და მთავრობის გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს.