„როდესაც დადებითობის მაჩვენებელი ჩამოსცდება 5%-ს" – გაბუნია ტრანსპორტის აღდგენის შესახებ შეკითხვაზე

პუბლიკა

საზოგადოებრივი ტრანსპორტის 1 თებერვლისთვის შესაძლო გახსნასთან დაკავშირებით  ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე გამოჩნდება, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ამ მიმართულებით.

ჟურნალისტის შეკითხვაზე: როდის შეიძლება გაიცეს ტრანსპორტის აღდგენის რეკომენდაცია თქვენი მხრიდან და იქნება თუ არა ეს პირველი თებერვალი, გაბუნია პასუხობს:

„უნდა დაველოდოთ სტაბილიზაციას და ეპიდემიური სურათის გაუმჯობესებას, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმ რისკების პირდაპირ ასახვაა, რაც ჩვენ საზოგადოებაში გვაქვს. როდესაც დავინახავთ, რომ შემთხვევების რაოდენობა იკლებს, დადებითობის მაჩვენებელი ჩამოცდა 5%-ს, მერე უკვე შეგვიძლია მაღალი საზოგადოებრივი აქტივობის საქმიანობების უსაფრთხო გახსნაზე ვისაუბროთ.

ჯერჯერობით, ამ პროცესის მიმდინარეობა არის კარგი. დადებითი ტენდენციები აღინიშნება, რადგან დადებითობის მაჩვენებელი გუშინდელთან შედარებით, დღესაც შემცირდა. ვფიქრობ, მომდევნო ორი კვირა კიდევ ერთხელ დაგვანახებს იმას, თუ რისი საშუალება გვაქვს პირველ თებერვალს და ამის მიხედვით მიიღება უკვე საბოლოოდ გადაწყვეტილება. კარგია ის, რომ მატება არ გვაქვს, ანუ დეკემბერში შეზღუდვების შემსუბუქება საკმარისად უსაფრთხო აღმოჩნდა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.