როდესაც პროფესიონალები მიდიან სისტემიდან, როგორც ჩანს, მთლად პოზიტიური გარემო არაა - ტაბატაძე

პუბლიკა

განათლების საკითხების მკვლევარი შალვა ტაბატაძე ამბობს, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფო გორგოძის თანამდებობის დატოვების გადაწვეტილება, PISA-ს შედების გამოქვეყნებას დაემთხვა.

ის ამბობს, რომ სოფო გორგოძე პროფესიონალი კადრია და როდესაც ასეთი კადრები ტოვებენ სისტემას ნიშნავს, რომ გარემო არ არის პოზიტიური. ამის შესახებ შალვა ტაბატაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.

„ოფიციალური განცხადებით უბრალოდ ტოვებს და დაკავშირებული არ არის რამე საკითხთან, თუმცა დამთხვევა არის PISA-ს შედეგების გამოქვეყნებასთან. შედეგები მას ვერ დაჰბრალდება, იმიტომ, რომ ხარისხზე პასუხს ვერ აგებს. თუმცა შესაძლებელია მიღებული შედეგების საზოგადოებამდე სწორად და მომგებიანად მიტანის თვალსაზრისით მან, რაღაც პარამეტრები ვერ დააკმაყოფილა. ერთი რამ ფაქტია, რომ სოფო გორგოძე თავისი საქმის პროფესიონალია და როდესაც პროფესიონალი კადრები მიდიან სისტემიდან, როგორც ჩანს, მანდ, მთლად პოზიტიური გარემო არ არის“, – თქვა მან.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მოგვიანებით განცხადებაც გაავრცელა. მისი თქმით, 1 იანვრიდან პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებს თამანდებობას.