როგორ ავირჩევთ პრეზიდენტს 2024 წლიდან

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს ემატება ახალი მუხლი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის არჩევის წესს ეხება.

საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს პრეზიდენტს 5 წლის ვადით დებატების გარეშე ღია კენჭისყრით ირჩევს საარჩევნო კოლეგია. კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილება 2017 წელს შევიდა. ცვლილების მიხედვით, 2024 წლიდან პრეზიდენტს პირდაპირი არჩევნებით აღარ აირჩევენ.

პარლამენტის რეგლამენტს დაემატება მუხლი, რომელიც კონსტიტუციაში შესულ ცვლილებას იმეორებს და განსაზღვრავს, ვინ შედის საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში, ვის აქვს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება და როდის და როგორ გაიმართება არჩევნები.

რეგლამენტის პროექტის მიხედვით:

„1. საქართველოს პრეზიდენტს 5 წლის ვადით დებატების გარეშე ღია კენჭისყრით ირჩევს საარჩევნო კოლეგია.

2. საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში შედის 300 წევრი, მათ შორის საქართველოს პარლამენტის და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი.

საარჩევნო კოლეგიის სხვა წევრებს საკრებულოების შემადგენლობიდან ასახელებენ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები.

3. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30 წევრს. საარჩევნო კოლეგიის ერთ წევრს შეუძლია მხარი დაუჭიროს მხოლოდ ერთი კანდიდატის წარდგენას.

4. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების გამართვას უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტი ცესკოს მეშვეობით.

საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი

აქვე აღნიშნულია, რომ პრეზიდენტის არჩევნები იმართება მოქმედი პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის წლის ოქტომბერში. (ამ შემთხვევაში, 2024 წლის ოქტომბერში) არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პარლამენტი არჩევნების დღემდე 60 დღით ადრე.

პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება უფლებამოსილების შეწყვეტიდან 45 დღის ვადაში, რომელსაც ნიშნავს პარლამენტი პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში.

თუ არჩევის თარიღი ემთხვევა საგანგებო ან საომარ მდგომარეობას, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება ამ მდგომარეობის გაუქმებიდან 45 დღის ვადაში. თუ საქართველოს პრეზიდენტის არჩევის თარიღი ემთხვევა პარლამენტის არჩევნების ან მის წინა თვეს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გამართვიდან 45 დღის განმავლობაში.

პრეზიდენტის არჩევნების დანიშვნის შესახებ ცნობა ქვეყნდება საქართველოს პარლამენტის ვებგვერდებზე არაუგვიანეს არჩევნების დანიშვნის დღის მომდევნო დღისა.

საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობა

პრეზიდენტის არჩევნები იმართება პარლამენტის სასახლეში არჩევნების დღის 9 საათიდან და სრულდება იმავე დღის 14 საათზე, ან ნებისმიერ დროს, თუ საარჩევნო კოლეგიის ყველა წევრმა მისცა ხმა. საქართველოს პრეზიდენტის არჩევაზე დასწრების უფლება აქვთ მხოლოდ საარჩევნო კოლეგიის წევრებს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მოწვეულ პირებს, ცესკოს წევრებს, საქართველოს პარლამენტისა და ცესკოს აპარატის შესაბამის უფლებამოსილ წარმომადგენლებს. საქართველოს პრეზიდენტის არჩევა პირდაპირ გადაიცემა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

საარჩევნო კოლეგიის წევრები საარჩევნო კოლეგიის წევრთა სიაში საკუთარი ხელმოწერებით ადასტურებენ საარჩევნო ბიულეტენის მიღებას, რის შემდეგაც შემოხაზავენ მათთვის სასურველ მხოლოდ 1 კანდიდატს და საარჩევნო ბიულეტენს წინასწარ დალუქულ, გამჭვირვალე საარჩევნო ყუთში ათავსებენ.

საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები

არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ხმების ორ მესამედს მაინც. თუ პირველ ტურში საქართველოს პრეზიდენტი არ აირჩა, მეორე ტურში კენჭი ეყრება პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატს. მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს. არჩევნების პირველი ან მეორე ტური შემდგარად ჩაითვლება, თუ მასში მონაწილეობას მიიღებს საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. თუ არჩევნები არ შედგა ან საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს პრეზიდენტი არ აირჩია, 30 დღის ვადაში იმართება საქართველოს პრეზიდენტის ხელახალი არჩევნები. საქართველოს პრეზიდენტის ხელახალ არჩევნებს ნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარე, შესაბამისი გარემოების დადგომიდან 3 დღის ვადაში.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგებს ადგენს და აჯამებს ცესკო არჩევნების დასრულებისთანავე, ცესკოს სხდომაზე, რომელიც საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმართება.


რეგლამენტის პროექტმა პლენარულ სხდომაზე I მოსმენა უკვე გაიარა, მას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა: „ქართული ოცნებიდან“ (73 ხმა), „ხალხის ძალიდან“ (9 ხმა), „მოქალაქეებიდან“ (1 ხმა) და „რეფორმების ჯგუფიდან“ (1 ხმა).

კანონპრექტის ავტორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: ირაკლი ქადაგიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, გიორგი კახიანი და გრეტა წიწავა არიან.

რეგლამენტის ცვლილებების პროექტი აწესრიგებს როგორც შინაარსობრივ, არსებით, პროცედურულ, ტექნიკურ, ტერმინოლოგიურ, რედაქციული ხასიათის დეტალებს, ასევე პარლამენტის თანამდებობის პირთა მუშაობის ბიუროკრატიულ ნაწილსაც.