როგორ აწარმოებდა დაკითხვას ჩოლოიანი „ყინწვისის საქმეზე" - ნიკა გოგუაძის მონათხრობი

პუბლიკა

მარიანა ჩოლოიანი ის გამომძიებელია, რომლის დაკავების შესახებაც გუშინ გვიან, 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალებიდან რამდენიმე წუთში გახდა ცნობილი. სხვებთან ერთად სწორედ ის აწარმოებდა ბავშვის დაკითხვას.

ჩოლოიანი ფიგურირებს სხვა საქმეშიც, სადაც სტრასბურგის სასამართლომ მოგვიანებით ასევე დაკავებულის მიმართ არასათანადო მოპყრობა დაადგინა. ეს არის, ე.წ. ყინწისვის საქმე, როდესაც 2011 წლის 26 მაისს მოქალაქე ნიკა გოგუაძე დააკავეს.

„ჩოლოიანი მე გავიცანი მთავარ სამმართველოში. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რას მედავებოდნენ. ჩოლოიანთან ერთად იყო ერთი ადამიანი, მაშინ ის საკმაოდ პატარა გოგო და სჭირდებოდა გამოცდილის დახმარება.

დაიწყო დაკითხვის პროცესი. როცა მარიანა ვერ იღებდა სათანადო პასუხებს ჩემგან, როდესაც ეს პასუხები  არ აკმაყოფლებდა, თავს გადააქნევდა, გავიდოდა გარეთ კაბინეტიდან და მაგ დროს შემოდიოდნენ სხვები,  დამრტყმელი ძალა, დამლეწავდნენ კარგად, დამსვამდნენ სკამზე და გავიდოდნენ, ჩოლოიანი ბრუნდებოდა. ეს გრძელდებოდა სადღაც 12 საათზე მეტ ხანს. ძალიან ბევრჯერ გავიდა მარიანა, დაუთმო ოთახი მწამებლებს, ბოლოს სკამზე ვიყავი მიყუდებული რომ არ გადავვადნილიყავი, ზოგჯერ გავყავდი კაბინეტიდან, სხვაგან მცემდნენ და მერე მოვყავდი კაბინეტში”. – იხსენებს ნიკა გოგუაძე.

გოგუაძე იხსენებს, რომ ადვოკატი მანამდე ვერ ნახა, სანამ ბრალი არ წაუყენეს. “ჩემთან ერთად იკითხებოდა 23 ადამიანი. მეკითხებოდნენ – აბა ნიკა, ეი. 2000 რუსი ჯარისკავცი შემოგყავდა ხომ? ამაზე მეცინებოდა მაგრამ საბოლოო ჯამში იმ დონემდე მოიმიყვანეს, რომ ერთი სული მქონდა როდის გადამიყვანდნენ იზოლატორში. როდის დამანაბებედნენ თავს, შეწყვეტდნენ ჩემს წამებას,  რომ დამეძინა”.

მის მიმართ არასათანადო მოპყრობის განხორციელება ამავდროულად დადგენილად მიიჩნია ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით.

მიუხედავად ამისა ჩოლოიანმა და მისმა კოლეგებმა სისტემაში მუშაობა განაგრძეს. ზოგი მათგანი, გოგუაძის ინფორმაციით, დააწინაურეს კიდეც. არ დაუკითხავთ არცერთი მათგანი. გოგუაძეს დღემდე არ აქვს დაზარალების სტატუსი.

ამ დროისთვის მარიანა ჩოლოიანი საავადმყოფოში იმყოფება. ის დაკავებისას გახდა შეუძლოდ.

LB loan image desktop LB loan image mobile