როგორია ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის დანიშვნის წესი

პუბლიკა

პარლამენტის ეროვნული  ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ დაწერა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უთხრა, რომ თანამდებობიდან უნდა წავიდეს.

გიორგი კეკელიძე ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორად 2012 წელს, 27 წლის ასაკში დაინიშნა. ის ბიბლიოთეკის ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა ხელმძღვანელი გახდა.

როგორია ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის დანიშვნის წესი

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ კანონის მიხედვით, ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს პარლამენტის თავმჯდომარე.

ბიბლიოთეკის დებულებით, გენერალურ დირექტორს ანგარიშვალდებულებები აქვს პარლამენტის თავმჯდომარესთან – მაგალითად, დასამტკიცებლად წარუდგენს ეროვნული ბიბლიოთეკის დებულებას, საშტატო განრიგსა და თანამდებობრივი სარგოების განაკვეთებს. თავის მხრივ, პარლამენტი არის ეროვნული ბიბლიოთეკის ფუნქციონირების და კანონით გათვალისწინებული უფლებების დაცვის გარანტი, ამასთან, არ ერევა ბიბლიოთეკის პროფესიულ საქმიანობაში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ბიბლიოთეკა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.


დღეს, 11 იანვარს კეკელიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შალვა პაპუაშვილს შეხვდა და პარლამენტის თავმჯდომარემ მას უთხრა, რომ თანამდებობა უნდა დატოვოს.

„პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან, რადგან 11 წელი ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვმუშაობდი და განახლების დროა. მე მშვიდად ვუთხარი, რომ იურიდიულად ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ არსებობს სხვა სამართალი და ამ სამართლით, ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა“, – დაწერა კეკელიძემ.