რთულია არასერიოზული ხალხის არასერიოზულ განცხადებებზე პასუხი – თარხნიშვილი „გირჩის“ წინადადებაზე

პუბლიკა

„რთულია არასერიოზული ხალხის არასერიოზულ განცხადებებზე პასუხი. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც „გირჩი“ და ალეკო ელისაშვილი, ფაქტობრივად, თამაშობენ „ქართული ოცნების“ თამაშს და ნებით თუ უნებლიეთ მათ წისქვილზე ასხამენ წყალს“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლევან თარხნიშვილმა განაცხადა.

თარხნიშვილის თქმით, პარტია რჩება თავის პოზიციაზე და მოითხოვს ახალ არჩევნებს ახალ საარჩევნო გარემოში, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში და ასევე მოითხოვს ე.წ. პოლიტპატიმრების გამოშვებას.

„რაც შეეხება კონკრეტულად ამ განცხადებებს, არავის არ ეკითხება, არც მეგრელიშვილს, არც „გირჩს“ და არც ელისაშილს იმას, თუ ვის მიავლენს „ევროპული საქართველო“ ამა თუ იმ მოლაპარაკებაზე. ამას წყვეტს პარტია და, შესაბამისად, ასევე გაგრძელდება.

„ევროპული საქართველო“, ისევე, როგორც ოპოზიციური პარტიების უმეტესი ნაწილი, რჩება თავის პოზიციაზე და ეს პოზიცია შემდეგია:

პირველი – ჩვენ ვითხოვთ ახალ არჩევნებს, რადგან მიგვაჩნია, რომ ახალი არჩევნები ერთადერთი გამოსავალია არსებული სხვადასხვა სახის კრიზისიდან;

მეორე – ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს თვისობრივად ახალ საარჩევნო გარემოში;

მესამე –  უნდა ჩაატაროს თვისობრივად ახალმა საარჩევნო ადმინისტრაციამ;

მეოთხე – ვითხოვთ პოლიტპატიმრების უპირობო გამოშვებას.

ეს არის ჩვენი პირობები და დათქმები, ამ ოთხი დათქმის შიგნით, მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ ნებისმიერ მოლაპარაკებაში, დისკუსიაში და არაერთხელ გამოჩნდა, რომ „ევროპული საქართველო“ და მთლიანად ოპოზიცია საკმაოდ მოქნილია შეთავაზებებში, თუმცა მრავალ შეთავაზებაზე ხელისუფლებისაგან მივიღეთ უარი.

ჩემი ღრმა რწმენით, „ქართული ოცნება“ იძულებული იქნება, რომ დათმობაზე წამოვიდეს. რაც შეეხება ნებისმიერ მანიპულაციას, რომ თვითმმართველობის არჩევნები იყოს პლებისციტის საკითხი, ამისთვის არსებობს პლებისციტი და თუ ვატარებთ, ჩაატარონ პლებისციტი და არა ის, რომ არჩევნებს მივაბათ კუდები.

ძალიან სამწუხაროა, რომ ელისაშვილმა და „გირჩის“ ნარჩენებმა, თუ განაყოფმა ეს გზა აირჩია, მაგრამ ეს მათი არჩევანია და რეალობას ვერ შეცვლის. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ფეხს შედგამს ამ ერთპარტიულ პარლამენტში, ფაქტობრივად, წევრიანდება „ქართულ ოცნებაში“, როგორც ეს გააკეთა ე.წ ევროპულმა სოციალისტებმა და ამით, რეალობა და პარლამენტის არსი ნამდვილად არ შეიცვლება“. – განაცახდა თარხნიშვილმა.


ალეკო ელისაშვილის პარტია „მოქალაქეებსა“ და იაგო ხვიჩიას თავმჯდომარეობით „გირჩს“ შორის კონსულტაციები 14 იანვარს შედგა.

პარტიების თავმჯდომარეები აცხადებენ, რომ ამგვარი შეხვედრის გამართვას აპირებენ როგორც სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, ისე „ქართულ ოცნებასთან“.

პარტია „მოქალაქეების“ დამფუძნებელმა და ლიდერმა, ალეკო ელისაშილმა განაცხადა, რომ კონსულტაციებს გეგმავენ მხოლოდ მათთან, ვისაც აქვს პასუხისმგებლობა და გამბედაობა.

„ბოკერიას აზრი არ გვაინტერესებს. უმანდატო ხალხთან ლაპარაკს, მით უმეტეს მასეთ ამრევებთან, აზრი არ აქვს. დანარჩენების აზრი გვაინტერესებს, აქვთ თუ არა პასუხისმგებლობა და გამბედაობა, რომ თამამი გადაწყვეტილება მიიღონ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ თუ პოლიტპატიმრებსა და საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით მმართველ გუნდთან შეთანხმებას მიაღწევს, მისი პარტია პარლამენტში შევა.

„გირჩისთვის“ პრიორიტეტი სრულად პროპორციული არჩევნებია ბუნებრივი ბარიერით. პარტია ოპოზიციას შემდეგ წინადადებას სთავაზობს:

„ჩვენ ჯერ ოპოზიციასთან ასეთი წინადადება გვაქვს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც მაინც უნდა ჩატარდეს, ვაქციოთ ერთგვარ პლებისციტად, რომლის შედეგებასაც უნდა დავუკავშიროთ ახალი არჩევნების ჩატარება – არჩატარების საკითხი. თუ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს იგებს ოპოზიცია, მაშინ ჩავატაროთ ახალი არჩევნები 2022 წელს. თუ ადგილობრივ არჩევნებს იგებს ხელისუფლება, მაშინ ახალი არჩევნების ჩატარების საკითხი მაინც გადაიწევს მეორე პლანზე, იმიტომ, რომ მას თავისთავად მოაკლდება ლეგიტიმაცია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.