რუსებმა ხარკივში, მიკოლაევსა და დნეპროპეტროვსკის ოლქში სამოქალაქო ობიექტები დაბომბეს

პუბლიკა

რუსეთმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინის რამდენიმე რეგიონში, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და მშვიდობიანი მოსახლეობა დაბომბა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

ხარკივის მერის თქმით, ქალაქის ცენტრში რუსული რაკეტა ორსართულიან სახლს დაეცა, სახლის ნანგრევებში ამჟამად მაშველები მოქალაქეებს ეძებენ. კიდევ ერთი რაკეტა კი ხარკივის ერთ-ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შენობას მოხვდა. ჯერჯერობით მსხვერპლზე არ ვრცელდება ინფორმაცია.

რუსეთმა დაბომბა მიკოლაევიც. ქალაქის მერის ოლექსანდრ სინკევიჩის თქმით, საოკუპაციო ძალებმა კასეტური შეიარაღებით დღეს დილით ქალაქის ერთ-ერთი უბანი დაბომბეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

დონეცკის ოლქში კი, სადაც საბრძოლო მოქმედებები ყველაზე აქტიურად მიმდინარეობს, გასული ერთი დღის განმავლობაში, 8 მოქალაქე დაიღუპა, 19 კი დაშავდა.

რუსეთმა დაბომბა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დნეპროპეტროვსკის ოლქშიც, მაგრამ მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ოლქის გუბერნატორის ვალენტინ რეზნიჩენკოს თქმით, საოკუპაციო ძალებმა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები გამოიყენეს ნიკოპოლში საცხოვრებელი რაიონის დასაბომბად. დაზიანდა 6 სახლი და ელექტროსადენი, რის გამოც ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.