რუსეთმა კიევში ბალისტიკური რაკეტებით მორიგი იერიში მიიტანა და ისტორიული კიევ-პეჩერის ლავრის მიძინების ტაძარი დაბომბა. ტაძარი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური და კულტურული ძეგლია.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა კიევ-პეჩერის ლავრა მეორედ დაბომბეს.
„ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე წმინდა ადგილის სახურავი იწვის”, – დაწერა X-ზე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა მიტროპოლიტმა ეპიფანემ – „გთხოვთ ლოცვას სიწმინდის განადგურებისგან გადასარჩენად. რუსეთის კიდევ ერთი დანაშაული კაცობრიობის წინაშე, ისტორიის წინაშე, ქრისტიანობის წინაშე“.
თავდასხმის დროს უძველესი ხატების, ოდიკებისა და სხვა რელიგიური რელიკვიების სასწრაფო ევაკუაცია დაიწყეს. ჯერჯერობით ცნობილი არაა, დაზიანდა თუ არა რომელიმე არტეფაქტი.
„ჩვენ სასწრაფოდ დავიწყებთ ყველა შესაბამის პროცედურას იუნესკოსა (UNESCO) და ყველა სხვა საერთაშორისო მექანიზმის ფარგლებში, მოვითხოვთ დაუყოვნებლივ და ადეკვატურ რეაგირებას ამ სახელმწიფო ბარბაროსობაზე. ჩვენ ველოდებით მკაცრ რეაქციებს საერთაშორისო ინსტიტუტებისა და დედაქალაქების მხრიდან. არავითარი ბუნდოვანი სიტყვები, დუმილი ან სუსტი ნაბიჯები. ჩვენ გვჭირდება მოქმედება ახლავე, რათა შევაჩეროთ რუსული ბარბაროსობა“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ.
ოფიციალური ცნობებით, თავდასხმის შედეგად ასევე დაზიანდა რამდენიმე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი. დაიღუპა, სულ მცირე, ოთხი ადამიანი, დაშავდა 30, მათ შორის ორსული ქალი და ორი ბავშვი – 5 და 6 წლის.
ლავრის მოპირდაპირე მხარეს, კიევის „მისტეცკი არსენალის“ გალერეასა და მუზეუმს რუსული „შაჰედის“ ტიპის დრონი დაეჯახა, რამაც შენობაში ხანძარი გამოიწვია. დარტყმა ასევე მოხვდა ოლექსანდრ დოვჟენკოს სახელობის ეროვნულ კინოსტუდიას კიევში, რითაც განადგურდა „უკრაინაში უდიდესი და უძველესი კოსტიუმების კოლექცია“.
ვიცე-პრემიერ ტეტიანა ბერეჟნას განცხადებით, კოლექცია მოიცავდა 100,000 კოსტიუმს და 3 მილიონ ნივთს. უცნობია, რამდენი ნივთი გადაურჩა ხანძარს.
სამხედრო-საჰაერო ძალების განცხადებით, რუსეთმა ღამით გაუშვა 6 „ცირკონის“ ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა, 34 Iskander-M/S- ბალისტიკური რაკეტა, 30 Kh-101/Iskander-K ფრთოსანი რაკეტა, 611 დრონი.უკრაინის საჰაერო თავდაცვამ თავდასხმის დიდი ნაწილის მოგერიება შეძლო.
მიუხედავად ამისა, 20-მა ბალისტიკურმა რაკეტამ და 27-მა დრონმა გვერდი აუარა უკრაინის საჰაერო თავდაცვას და 42 ლოკაციას დაარტყა. ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევები დამატებით 12 ლოკაციაზე დაფიქსირდა.
აფეთქებების ხმა კიევში პირველად ადგილობრივი დროით დაახლოებით ღამის 1 საათზე გაისმა. აფეთქებების შემდგომი ტალღები იყო დაახლოებით ღამის 1:30 საათზე და კვლავ ღამის 3:40 საათზე.
კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ ობოლონის რაიონში საცხოვრებელი სახლი ნაწილობრივ განადგურდა. ასევე გავრცელდა ინფორმაცია დარტყმების შესახებ ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსზე და ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე პეჩერსკის რაიონში.
კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ტიმურ ტკაჩენკომ განაცხადა, რომ ხანძარი ასევე გაჩნდა ქალაქის პოდილის რაიონში მდებარე სამსართულიან საცხოვრებელ სახლში. შევჩენკოს რაიონში დაარტყეს 25-სართულიან საცხოვრებელ კორპუსსაც.
„რუსები 21-ე საუკუნის ბარბაროსები არიან. ჩვენ ყველას გვემახსოვრება ეს“, – დაწერა ტკაჩენკომ.
თავდასხმებმა დააზიანა მანქანები, საწყობები, კომერციული შენობები, ბაზარი, ელექტროგადამცემი ხაზები, რამაც ელექტროენერგიის ფართომასშტაბიანი გათიშვა გამოიწვია. ვიტალი კლიჩკოს თქმით, თავდასხმის გამო ქალაქში სულ მცირე 140,000 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
მთლიანობაში, კიევში 50-ზე მეტ ლოკაციას დაარტყეს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი წერს, რომ პუტინმა დიდი შვიდეულისა (G7) და ევროპული საბჭოს სამიტებს გზავნილი გადასცა, რომ ის დიპლომატიის ნაცვლად ფსონს ტერორზე ჩამოდის.
„მოვუწოდებ G7-ისა და ევროპის ლიდერებს, კარგად მოისმინონ ეს გზავნილი და უზრუნველყონ სათანადო პასუხი: უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება და აგრესორზე ზეწოლა.
რუსეთის მასშტაბური თავდასხმის შედეგად კიევში სულ მცირე 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და თითქმის 30 დაშავდა.
ხარკოვზე განხორციელებული ვერაგული „ორმაგი დარტყმის“ შედეგად რუსეთმა ასევე მოკლა 5 მაშველი.
მსხვერპლია უკრაინის სხვა რეგიონებშიც: დნიპროში, ხარკოვში, დონეცკში, სუმში, მიკოლაივში, ზაპორიჟიასა და სხვა ოლქებში.
როგორც 21-ე საუკუნის უსასტიკესმა ბარბაროსმა, პუტინმა მიზანმიმართულად ამოიღო სამიზნეში უნიკალური რელიგიური და კულტურული ძეგლები.
რუსებმა სერიოზულად დააზიანეს კიევ-პეჩერის ლავრა; დაბომბეს ალექსანდრე დოვჟენკოს სახელობის ისტორიული კინოსტუდია, რის შედეგადაც განადგურდა უკრაინის კოსტიუმების უდიდესი და უძველესი კოლექცია; დაარტყეს ხარკოვის სამხატვრო მუზეუმსა და დნიპროს ორგანული და კამერული მუსიკის სახლს.
რუსეთს არანაირი გამართლება არ აქვს სიცოცხლის განადგურების, საცხოვრებელი უბნების მიზანში ამოღებისა და უკრაინული კულტურის ნგრევისთვის. მან პასუხი უნდა აგოს თავისი დანაშაულების გამო.
ეს თავდასხმა აჩვენებს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების გადაუდებელ აუცილებლობას. ეს არის ნომერ პირველი პრიორიტეტი.
საჭიროა დამატებითი შენატანები უკრაინის რეკონსტრუქციისა და ლიკვიდურობის პლატფორმაში, ასევე მტკიცე გადაწყვეტილებები უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტა-გამტაცების (ინტერცეპტორების) მისაწოდებლად.
ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებს, დააჩქარონ უკრაინის ხელმძღვანელობით მიმდინარე ევროპული ძალისხმევა ბალისტიკური საფრთხეებისგან ჩვენი საკუთარი თავდაცვის შესაქმნელად. დროა, პუტინის მსგავს ბარბაროსებს წავართვათ თავიანთი ტერორისტული ინსტრუმენტები“, – წერს სიბიჰა.