რუსეთი: ორშაბათიდან დღემდე „აზოვსტალიდან“ 959 მებრძოლი გამოვიდა

პუბლიკა

რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებით, ორშაბათიდან ამ დრომდე მარიუპოლის ფოლადის ქარხნიდან 959 უკრაინელი მებრძოლი, მათ შორის 80 დაჭრილი გამოვიდა. უწყების მტკიცებით, ისინი რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, წინასწარი დაკავების ცენტრში იმყოფებიან.

საგარეო უწყების სპიკერი აცხადებს, რომ დაჭრილებს მკურნალობენ, დანარჩენები კი დონეცკის ქალაქ ოლენივკას პატიმართა ყოფილ კოლონიაში გადაიყვანეს.

ოკუპანტი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ბოლო 24 საათში 694 უკრაინელი მებრძოლი „ჩაბარდა“, მათ შორის არიან „აზოვის“ პოლკის წევრები და 29 დაჭრილი ჯარისკაცი.

როგორც სააგენტო Reuters წერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის დადასტურებას დამოუკიდებლად ვერ ახერხებს. ასევე, არც უკრაინულ მხარეს გაუვრცელებია განახლებული ინფორმაცია, თუ რამდენმა სამხედრომ დატოვა „აზოვსტალის“ ქარხანა.


16 მაისს, გვიან ღამით, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ინფორმაცია, რომ 264 უკრაინელი ჯარისკაცი  „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხნიდან რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, დონბასის რეგიონშია ევაკუირებული.

ქარხნიდან გაყვანილი ჯარისკაცების ნაწილი საავადმყოფოებში გადაიყვანეს. უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, უკრაინელ ჯარისკაცებს რუს ტყვეებში გაცვლიან. ევაკუაციის პროცესში გაერო და წითელი ჯვარი ჩაერთნენ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში გუშინ, 16 მაისს განაცხადეს, რომ ისინი გააგრძელებენ ბრძოლას „აზოვსტალის“ ქარხანაში დარჩენილი ჯარისკაცების სიცოცხლის გადასარჩენად.

უკრაინის გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ „აზოვსტალის“ მეთაურების მიმართ უმაღლესი სამხედრო სარდლობის ბრძანება – პერსონალის სიცოცხლის გადარჩენა იყო.