რუსეთი უარს არ ამბობს უკრაინასთან მოლაპარაკებებზე - ლავროვი

პუბლიკა

„რუსეთი უარს არ ამბობს უკრაინასთან მოლაპარაკებებზე, მაგრამ თუ უკრაინა გააჭიანურებს პროცესს, ეს გაართულებს კიევისთვის მოსკოვთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას“, –  ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსული ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა.

ლავროვის განცხადებით, მოსკოვის ეს პოზიცია რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო სათათბიროს ხელმძღვანელობასთან და ფრაქციების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე დააფიქსირა.

მან აღნიშნა, რომ თუ უკრაინა ამბობს, რომ მოლაპარაკებებს მას შემდეგ გამართავს, როდესაც რუსეთი დატოვებს უკრაინის მიწებს და რასაც დასავლეთიც მხარს უჭერს, მაშინ მოსკოვმა იცის, როგორ მიაღწიოს „სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში დასახულ მიზნებს“.

დღეს უკრაინულმა მედიამ გაავრცელა უკრაინის საგარეოს საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებაც, სადაც მან კომენტარი გააკეთა პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის სურვილზე, რომ შენარჩუნდეს ვლადიმერ პუტინთან კომუნიკაციის ღია არხები და აღნიშნა, რომ პუტინთან მოლაპარაკების საუკეთესო გზა ბრძოლის ველია.

„პრეზიდენტ მაკრონს აქვს უფლება გადაწყვიტოს ვისთან ისაუბროს. თუმცა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ პუტინთან დისკუსიისთვის საუკეთესო ადგილი ბრძოლის ველია“, – თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.


ბოლო დღეების განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ბრძოლის ველზე წარმატება აქვს. ოფიციალური კიევის ცნობით, სექტემბრის დასაწყისიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს ტერიტორიის 2 000 კვადრატული კილომეტრზე მეტი.

დღეს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსულმა სამხედრო ძალებმა ხარკოვის ოლქი სრულად დატოვეს, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.

LB loan image desktop LB loan image mobile