რუსეთი უკრაინის ევროკავშირისკენ სწრაფვასაც ეწინააღმდეგება - პოლიანსკი

პუბლიკა

გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის პირველი მოადგილის, დმიტრი პოლიანსკის განცხადებით, რუსეთის პოზიცია უკრიანის ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით შეიცვალა და ახლა მსგავსია რუსეთის იმ პოზიციისა, რაც უკრაინის NATO-ში გაწევრებასთან დაკავშირებით აქვთ.

ასევე, პოლიანსკის თქმით, ის ამ სიტუაციიდან დიპლომატიური გზით გამოსავალს ვერ ხედავს. ინფორმაციას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

„ამ ეტაპზე, გულწრფელად რომ გითხრათ, მე ვერ ვხედავ დიპლომატიური გადაწყვეტის გზას, უკრაინის პოზიციისა და დასავლეთის ქვეყნების მიერ ამ კონფლიქტის კიდევ უფრო გაღვივების მცდელობების გამო“, – თქვა პოლიანსკიმ.

თებერვალში უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთ მიზეზად რუსეთის ხელისუფლებამ ქვეყნის ჩრდილო ატლანტიკური ალიანსისკენ სწრაფვა დაასახელა. მოსკოვში მაშინ ამტკიცებდნენ, რომ NATO სამხედრო ალიანსია და თავიანთ საზღვრებთან სამხედრო ალიანსის მიახლოება არ სურდათ.