რუსეთის დუმა: თბილისმა ანტირუსული სანქციები ზუსტად შეაფასა „თავის მოტყუებად" და „სიგიჟედ"

პუბლიკა

რუსეთის დუმის საგარეო საქმეთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის მიმართ სანქციებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს უწონებს.

გავრცელებულ განცხადებაში დუმის კომიტეტი მიუთითებს, რომ „ანტირუსული სანქციების პოლიტიკა საქართველოში ძალიან ზუსტად იქნა შეფასებული თავის მოტყუებად და სიგიჟედ”.

„აპლოდისმენტები. როგორიც სირთულეებიც არ უნდა იყოს მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობაში, საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ იპოვა გამბედაობა, არ დამორჩილებოდა ანტირუსულ ისტერიას და ეხელმძღვანელა, პირველ რიგში, ეროვნულ ინტერესებსა და საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობაზე ორიენტირებული პოზიციით. ამ პრიორიტეტებით საქართველოს ეკონომიკა სწრაფად იზრდება და ზედიზედ ორი წელია ორნიშნა ზრდას აჩვენებს. სხვათა შორის, რუს ტურისტებს კარგი შემოსავალი მოაქვთ ქვეყანაში”. – ნათქვამია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის განცხადებაში.

დუმის შეფასებით, ევროკავშირის გეგმა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტი დაამტკიცოს, მიუთითებს, რომ „ევროპა სულ უფრო და უფრო მეტად გარდაიქმნება კლინიკა N6-ად”.