რუსეთის მობილიზაციის გამო ლიეტუვას სწრაფი რეაგირების ძალები მზადყოფნაში მოჰყავს

პუბლიკა

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის, არვიდას ანუსაუსკასის განცხადებით, რუსეთის სამხედრო მობილიზაციის გამო ლიეტუვას სწრაფი რეაგირების ძალები მზადყოფნაში მოჰყავს.

„რადგანაც რუსეთის სამხედრო მობილიზაცია ჩვენი საზღვრების მახლობლად, კალინინგრადშიც იქნება, ლიეტუვა ამას, უბრალოდ, ვერ უყურებს. მზადყოფნაში მოგვყავს ჩვენი სწრაფი რეაგირების ძალები, რათა თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი პროვოკაცია რუსეთის მხრიდან“, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, ყველა მოკავშირემ უნდა გააძლიეროს უკრაინის მხარდაჭერა, რადგან რუსეთის აგრესია უკრაინაში უნდა შეწყდეს.


21 სექტემბერს ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა სპეციალურ მიმართვაში განაცხადა.

შესაბამის განკარგულებას პუტინმა ხელი უკვე მოაწერა. მობილიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები 21 სექტემბერს დაიწყება.

პუტინის ბრძანებულებით, სამხედრო სამსახურს მხოლოდ ის მოქალაქეები დაექვემდებარებიან, რომლებიც რეზერვში არიან და, პირველ რიგში, შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ, აქვთ გარკვეული სამხედრო სპეციალობა და შესაბამისი გამოცდილება.

მისი თქმით, ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ გადაწყვეტილება რუსეთის, მისი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და რუსი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიიღეს.

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ კი აცხადებს, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში სულ გაწვეული იქნება 300 000 რეზერვისტი.

„რუსეთს აქვს უზარმაზარი სამობილიზაციო რესურსი – თითქმის 25 მილიონი ადამიანი. ნაწილობრივ მობილიზაციას ექვემდებარება სამობილიზაციო რესურსის 1%-ზე ცოტა მეტი. გამოძახებული იქნება 300 000 რეზერვისტი. დღეს ჩვენ ვეომებით არა იმდენად უკრაინის არმიას, რამდენადაც კოლექტიურ დასავლეთს“, – განაცხადა სერგეი შოიგუმ.

LB loan image desktop LB loan image mobile