მედია: რუსეთის მოქალაქე თბილისიდან გაიტაცეს და რუსეთში ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს

პუბლიკა

ნიჟნევარტოვსკის მკვიდრი ილკინ მელიკოვი, რომელმაც უშიშროების ძალების მხრიდან ცემის შემდეგ რუსეთისგან საქართველოს შეაფარა თავი, თბილისიდან გაიტაცეს, რუსეთში იძულებით დააბრუნეს და დააკავეს – ინფორმაციას რუსული გამოცემა The Insider ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, მელიკოვს იძულებით მოაწერინეს ხელი დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც, მან საზღვარი ნებაყოფლობით გადაკვეთა. The Insider წერს, რომ მელიკოვი ამჟამად ეკატერინბურგის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

მედიის ინფორმაციით, მელიკოვის თქმით, ის სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა უცნობმა პირებმა თბილისიდან 2022 წლის აპრილში გაიტაცეს და გადაიყვანეს ვლადიკავკაზში, სადაც მოათავსეს წინასწარი დაკავების იზოლატორში, ხოლო 10 დღის შემდეგ ვლადიკავკაზიდან ნიჟნევარტოვსკის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

დაკავებამდე რამდენიმე თვით ადრე, 2019 წლის ნოემბერში, რუსეთში მელიკოვის წინააღმდეგ საქმე აღიძრა ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში ჩართვის ბრალდებით. მელიკოვი აღმოჩნდა ძებნილთა სიაშიც. გაიჩხრიკა მელიკოვის სახლი ნიჟნევარტოვსკში, სადაც ის მშობლებთან ერთად ცხოვრობდა.

2019 წლის სექტემბერში მელიკოვი ნიჟნევარტოვსკში დააკავეს და მოწმის სახით დაკითხეს. მედია „Вот Так“-თან გაგზავნილ წერილში ილკინ მელიკოვი წერდა, რომ პოლიციამ სცემა და ნარკოტიკების „ჩადებით“ დაემუქრა, თუმცა საბოლოოდ გაათავისუფლეს.

მელიკოვი „Вот Так“-ისთვის მიწერილ წერილში აღწერს მისი დაკავების ეპიზოდს:

„ჩემს წინ ულინაკოვსკის საავტომობილო ქარხნის (уаз) „პატრიოტი“ გაჩერდა. იქიდან გადმოვიდნენ შენიღბული ადამიანები  სპეციალური გადაუდებელი  რეაგირების რაზმის (СОБР) ნიშნებით. ერთ-ერთმა მათგანმა დაიყვირა: „გათიშეთ!“, სახეში დამარტყა, დამიჭირეს და ხელბორკილები დამადეს. თავი ასფალტზე დავარტყი. მანქანამდე მიმიყვანეს და უკან ჩამაგდეს, სადაც მუხლებზე დავჯექი. ხელები ზურგს უკან მქონდა შეკრული. ჩემთან ერთად იყო გადაუდებელი რეაგირების რაზმის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელმაც თავზე ტომარა ჩამომაცვა, მახრჩობდა და მცემდა“.

The Insider-ის ინფორმაციით, მანქანაში მიყენებული ზიანის შემდეგ მელიკოვი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც კიდევ ერთხელ სცემეს, ადგილი ჰქონდა მორალურ ზეწოლასაც.

დაკავებისა და ცემის შემდეგ მელიკოვმა პროკურატურაში საჩივარი შეიტანა, თუმცა მას უარი ეთქვა უშიშროების ძალების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე.

მედიის ცნობით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველომ რუსეთის უშიშროების ძალებს აქტივისტები და ბრალდებულები გადასცა. 2023 წლის ნოემბერში საქართველოში გაუჩინარდა მოძრაობა „არტპოდგოტოვკას“ წევრი რაფაილ შეპელევი, ხოლო მოგვიანებით გაირკვა, რომ ის რუსეთში იყო და ბრალი ტერორიზმის ბრალდებით წარუდგინეს.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა.

„ყველამ ყველაფერი შეიძლება თქვას, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ დამატებით მოიძიოთ ინფორმაცია და გაიგებთ, რომ ეს ყველაფერი იყო ტყუილი“, – აღნიშნა კობახიძემ.