რუსეთის ომი უკრაინაში ყირიმიდან დაიწყო და მისი გათავისუფლებით დასრულდება - ზელენსკი

პუბლიკა

ყირიმში, ნოვოფიოდორივკას აეროდრომზე რუსული სამხედრო ობიექტის განადგურებას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი. ზელენსკის თქმით, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ყირიმიდან დაიწყო და იქვე დასრულდება, ნახევარკუნძულის გათავისუფლებით.

„რუსეთის ომი უკრაინისა და თავისუფალი ევროპის წინააღმდეგ ყირიმიდან დაიწყო და ყირიმითვე უნდა დასრულდეს – მისი გათავისუფლებით. რუსეთმა ჩვენი ნახევარკუნძული, რომელიც მუდამ იყო და იქნება ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწილი, ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ადგილად გადააქცია.

მაგრამ ჩვენ დავბრუნდებით უკრაინულ ყირიმში. ხარკივის ოლქიდან ხერსონამდე, დონეცკიდან ენერგოდარამდე, სტანცია ლუჰანსკიდან იალტამდე, ბერდიანსკიდან ნოვოფედორივკამდე – ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის ნაწილია, ეს ყველაფერი უკრაინაა, რომელიც მთლიანად გათავისუფლდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.


ყირიმში, ნოვოფიოდორივკაში, „საკის“ აეროდრომზე გუშინ ძლიერი აფეთქებები მოხდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ჯერჯერობით არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ აეროდრომზე იერიში უკრაინამ მიიტანა. რუსული წყაროები მიუთითებდნენ, რომ აფეთქება ხანძარმა და საბრძოლო მასალების დეტონაციამ გამოიწვია.

თუმცა ამერიკული ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მიხედვით, ეს არ იყო შესაძლებელი, რადგან აფეთქებები ერთმანეთისგან დაშორებულ ობიექტებზე მოხდა. ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის მიხედვით, აფეთქებები შეიძლება უკრაინელების მიერ მოწყობილი სარაკეტო თავდასხმის ან დივერსიის შედეგი იყოს.

აფეთქებების შემდეგ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ დასახლებაში დიდ არეალზე დაზიანდა შენობები, აეროდრომის მახლობლად კი დაიწვა არაერთი მანქანა. თავად აეროდრომისთვის მიყენებულ ზიანზე რუსეთი არ საუბრობს, ერთ-ერთ გავრცელებულ ვიდეომასალაში კი მასშტაბური დამწვრობის კვალი და მინიმუმ, ერთი თითქმის ბოლომდე დამწვარი ბომბდამშენი Su-24 ჩანს.

LB loan image desktop LB loan image mobile