რუსული სამთავრობო მედია რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრესსამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს დიდი ბრიტანეთი საქართველოში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორების მიზნით ძალისხმევას აძლიერებს.
რუსული დაზვერვის მტკიცებით, „ბრიტანელები აპირებენ უბიძგონ „ძირგამომთხრელი კრეატიულობით დამუხტულ“ ორგანიზაციებს ოპოზიციურ პარტიებთან კონსოლიდაციისთვის“.
ოკუპანტი ქვეყნის საგარეო დაზვერვა ამბობს, რომ ლონდონის გათვლით, ამან უნდა „შეანჯღრიოს“ სისტემური პოლიტიკური ოპოზიცია, გაუხსნას მას „მეორე სუნთქვა“, რათა „მობილიზდეს მმართველი [პარტია] „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებლად ბრძოლის ახალი რაუნდის დასაწყებად“.
გავრცელებული განცხადების მიხედვით, დასავლეთს „აღიზიანებს საქართველოს სურვილი, გათავისუფლდეს ლიბერალურ-გლობალისტური ძალების ობსესიური მეურვეობისგან, რომელთა ღირებულებებიც უცხოა ქართველი ხალხისთვის“.
„დასავლელებს განსაკუთრებით აღიზიანებს ის, რომ თბილისი – [საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის] მიხეილ სააკაშვილის დროს, ამიერკავკასიაში „დემოკრატიზაციის ლოკომოტივი“ – სულ უფრო მეტად იხრება „ავტორიტარული გზისკენ“, ეროვნულ ინტერესებს აყენებს წინ. […] ლონდონი გეგმავს მნიშვნელოვნად გაზარდოს დაფინანსება ქართული ოპოზიციური არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რაც მათ მიერ ანტისამთავრობო საქმიანობის რადიკალიზაციას ისახავს მიზნად“, – ამტკიცებს რუსეთის საგარეო დაზვერვა.