რუსეთმა დიმიტრი გორდონი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანა

პუბლიკა

რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი შეიყვანა იმ პირებისა და ორგანიზაციების სიაში, რომელთა შესახებაც არსებობს ინფორმაცია, რომ ჩართულები არიან ექსტრემისტულ აქტივობასა და ტერორიზმში. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

დიმიტრი გორდონი და კიდევ ერთი უკრაინელი ჟურნალისტი ფახრუდინ შარაფმალი ამ სიაში „როსფინმონიტორინგმა“ დღეს დაამატა. რუსული კანონმდებლობის მიხედვით, ამ სიაში მოხვედრილ პირებსა და ორგანიზაციებს საბანკო ანგარიშებს უყინავენ და უჩერებენ მომსახურებას.

დიმიტრი გორდონის წინააღმდეგ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა 21 მარტს სისხლის სამართლის წესით გამოძიებაც დაიწყო. რუსეთის ხელისუფლება უკრაინელ ჟურნალისტს რუს სამხედროებზე თავდასხმისა და რუსეთის წინააღმდეგ ომის, მათ შორის, ბირთვული დაპირისპირების წამოწყებისკენ მოწოდებას ედავება.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ამტკიცებს, რომ გორდონმა რუსების წინააღმდეგ ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირებისკენ საჯაროდ მოუწოდა ხალხს, ამასთან ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას, რუსეთის მიერ სამოქალაქო ობიექტების დაბომბვის შესახებ.