რუსეთმა უკრაინაზე მასიური იერიში მიიტანა - ზელენსკის თქმით, დაღუპულია 3 ადამიანი

პუბლიკა

უკრაინის საჰაერო ძალების პრესსპიკერის, იუირი იგნატის განცხადებით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინას 407 დრონითა და 45 რაკეტით შეუტია.

საჰაერო ძალების ცნობით, 5 ივნისის 20:00 საათიდან რუსეთმა გამოიყენა: 

  • 407 „შაჰიდის“ ტიპის თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატი და სხვადასხვა ტიპის დრონების იმიტატორები;
  • 6 Iskander-M/KN-23 ტიპის ბალისტიკური რაკეტა;
  • 36 Kh-101 ტიპის ფრთოსანი რაკეტა;
  • 2 ისკანდერ-K ტიპის ფრთოსანი რაკეტა;
  • 1 Kh-31P ტიპის რადარსაწინააღმდეგო რაკეტა.

10:00 საათის მონაცემებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ მთელი ქვეყნის მასშტაბით მტრის 406 საჰაერო თავდასხმის იარაღი გაანეიტრალა.

მასშტაბურ თავდასხმას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომლის თქმითაც, ღამით რუსეთმა სამიზნეში ამოიღო „თითქმის მთელი უკრაინა“ – ვოლინის, ლვოვის, ტერნოპოლის, კიევის, სუმის, პოლტავას, ხმელნიცკის, ჩერკასის და ჩერნიგოვის ოლქები.

„49 ადამიანი დაშავდა. სამწუხაროდ, რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს – ხალხი დახმარებას ითხოვს. ამ დროისთვის დადასტურებულია სამი გარდაცვალების ფაქტი – ყველა მათგანი უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომელი იყო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მათ ოჯახებს“, – დაწერა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ დასძინა, რომ რუსეთმა ამაზე პასუხი უნდა აგოს. მისი თქმით, უკრაინამ მსოფლიოსთან ერთად ბევრი რამ გააკეთა თავის დასაცავად, მაგრამ ახლა ზუსტად ის მომენტია, როდესაც ამერიკას, ევროპას და მსოფლიოში ყველას შეუძლია ერთად შეაჩეროს ეს ომი რუსეთზე ზეწოლით.