რუსეთში ამბობენ, რომ ლარსი გასულ კვირაში ორივე მიმართულებით 115 000-ზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა

პუბლიკა

ჩრდილო ოსეთის ვიცე-პრემიერის ირბეკ ტომაევის თქმით, ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დაახლოებით 3 500 ავტომობილია მოგროვებული. გასული კვირის განმავლობაში კი საზღვარი ორივე მიმართულებით 37 000-ზე მეტმა ავტომობილმა და 115 000-ზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა. ტომაევის კომენტარს რუსული პროკრემლისტური გამოცემა ТАСС ავრცელებს.

„ნაწილობრივ მობილიზაციასთან დაკავშირებით, გასული დღეების განმავლობაში მსუბუქი ავტომობილებით საქართველოს მიმართულებით გადაადგილება მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. დღეს დაახლოებით 3 500 ავტომობილი ელოდება ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლას.

ამას ემატება დაახლოებით 800 მანქანა, რომლებიც ყაბარდო-ბალყარეთისა და ინგუშეთის ადმინისტრაციულ საზღვრებთანაა მოგროვებული. ასევე, ჩვენი რესპუბლიკის გზებზე ამ დროისთვის 4 891 სატრანზიტო მანქანაა“, – განაცხადა ტომაევმა.

მისი თქმით, გასულ კვირაში, მას შემდეგ რაც საზღვარი ორივე მიმართულებით 37 000-ზე მეტმა ავტომობილმა და 115 000-ზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა, წინა საანგარიშო კვირასთან შედარებით მიმოსვლის ზრდამ 23.3% შეადგინა.