რუსეთში ამტკიცებენ, რომ დუგინას მკვლელობის კიდევ ერთი მონაწილის ვინაობა დაადგინეს

პუბლიკა

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მტკიცებით, მათ დარია დუგინას მკველობის კიდევ ერთი თანამონაწილის ვინაობა დაადგინეს, რომელიც „უკრაინული დევერსიულ-ტერორისტული ჯგუფის“ წევრი იყო. რუსული უშიშროება ამტკიცებს, რომ ის მკვლელობას აქამდე უკვე ამოცნობილ ნატალია ვოვკთან ერთად გეგმავდა და რუსეთი დანაშაულის ჩადენამდე ერთი დღით ადრე დატოვა.

„დგინდება, რომ დუგინას მკვლელოვა ვოვკთან ერთად მოსკოვში უკრაინული დივერსიული და ტერორისტული ჯგუფის კიდევ ერთმა წევრმა მოსკოვში მოამზადა. ეს არის 1978 წელს დაბადებული პირი, უკრაინის მოქალაქე ბოგდან პეტროვიჩ ციგანენკო, რომელიც რუსეთში ესტონეთის გავლით შემოვიდა 30 ივლისს და დუგინას მკვლელობამდე ერთი დღით ადრე დატოვა რუსეთის ტერიტორია“, – აცხადებს უსაფრთხოების ფედერალური სამსახური.

უწყების მტკიცებით, ციგანენკომ ნატალია ვოვკს დაუმზადა ყალბი მართვის მოწმობა და სხვა დოკუმენტები ყაზახეთის მოქალაქის, იულია ზაიკოს სახელზე. ასევე მან ვოვკთან ერთად ააწყო ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა მოსკოვის სამხრეთ-დასავლეთით ნაქირავებ გარაჟში.

ასევე, რუსული უშიშროება ამტკიცებს, რომ ნატალია ვოვკი უშუალოდ უთვალთვალებდა დარია დუგინას. მას შემდეგ, რაც დუგინამ ფესტივალი დატოვა, ვოვკი მას აედევნა და აამოქმედა ასაფეთქებელი მოწყობილობა, შემდეგ კი ესტონეთში გაიქცა.

უკრაინის ხელისუფლება უარყოფს ინფორმაციას, რომ კიევს დარია დუგინას მანქანის აფეთქებასთან რაიმე კავშირი აქვს.


21 აგვისტოს რუსეთში, მოსკოვის მახლობლად კრემლის იდეოლოგის, ვლადიმერ პუტინის ახლო გარემოცვის წევრის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინას მანქანა აფეთქდა. აფეთქების შედეგად დარია დუგინა დაიღუპა.

21 აგვისტოს, გვიან ღამით დარია დუგინას მანქანის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ“ – ანტიპუტინისტურმა დაჯგუფებამ აიღო.

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ილია პონომორევის განცხადებით, ახალი პარტიზანული მოძრაობის მიზანი კრემლის დამარცხებაა.

ორგანიზაციამ ტელეგრამზე მანიფესტი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ იმოქმედებენ მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლების საწინააღმდეგოდ და მოქალაქეებს ზიანს არ მიაყენებენ.

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა კი 22 აგვისტოს განაცხადა, რომ ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინას მკვლელობის საქმე გახსნეს.

„დადგენილია, რომ დანაშაული მომზადებული და ჩადენილია უკრაინის სპეცსამსახურების მიერ. შემსრულებელი არის უკრაინის მოქალაქე, ვოვკი ნატალია პავლეს ასული, დაბადებული 1979 წელს“, – აცხადებდა უწყება.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო უკრაინის პასუხისმგებლობა კრემლის პროპაგანდისტის, ალექსანდრ დუგინის შვილის, დარია დუგინას მკვლელობის საქმეზე და განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი უკრაინის მოქალაქე არ არის.

„ეს ჩვენი პასუხისმგებლობა არ არის. ის [ეჭვმიტანილი] არ არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქე… იგი არ გვაინტერესებს. ის არ იმყოფება უკრაინის ტერიტორიაზე, მათ შორის არც ოკუპირებულზე”, – თქვა ზელენსკიმ.