რუსეთში აშშ-ის საელჩომ შენობიდან LGBTQI დროშა გადმოკიდა

პუბლიკა

აშშ-ის საელჩომ რუსეთში, ლგბტქი დროშის დღის აღსანიშნავად უწყების შენობიდან LGBTQI დროშა გადმოკიდა. განცხადება აშშ-ის საელჩომ, ფოტოსთან ერთად, Facebook-ისა და instagram-ის ოფიციალურ გვერდებზე გამოაქვეყნა.

Moscow Times-ის ინფორმაციით, ხუთშაბათიდან რუსები იმ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის კენჭისყრას აპირებენ, რომლის შემდეგაც ქორწინება განისაზღვრება, როგორც „ქალისა და მამაკაცის კავშირი“. დაგეგმილი ცვლილება გააკრიტიკეს რუსმა ლგბტ აქტივისტებმა.

„ლგბტქი თემის უფლებები ეს ადამიანის უფლებებია, რომელიც უნივერსალურია. „სიამაყის თვის“ (Pride Month) მიზანია ხაზი გაუსვას, რომ თითოეული ადამიანი იმსახურებს, იცხოვროს დევნისა და სიძულვილისგან თავისუფალი ცხოვრებით“, – აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებებში.

როგორც Moscow Times წერს, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კრემლის თანამშრომლებმა ვერ შეამჩნიეს აშშ-ის საელჩოს შენობიდან გადმოფენილი დროშა, მაგრამ აღნიშნა, რომ „ნებისმიერ შემთხვევაში, რუსეთში არატრადიციული სექსუალური უმცირესობების პროპაგანდის ჩვენება კანონით არ არის ნებადართული“.