რუსეთში მამუკა მამულაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ დევნას იწყებენ

პუბლიკა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი უკრაინაში არსებული ქართული ლეგიონის მეთაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ დევნას იწყებს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ თავისი უწყების წარმომადგენლებს მიმართა, რომ გაატარონ სამართლებრივი ქმედებები მამუკა მამულაშვილის წინაარმდეგ, რომელსაც რუსი სამხედროებისა და გვარდიელების წინააღმდეგ ომის დანაშაულის ჩადენა ედება ბრალად.

საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, ქართული ლეგიონის წევრები მონაწილეობდნენ რუსული შეიარაღებული ძალების სამხედროების წინააღმდეგ ომის წარმოებისას უკანონო მოქმედებებში. მამულაშვილმა კი საჯაროდ განაცხადა მისი განზრახვის შესახებ, რომ განაგრძოს რუსი სამხედრო პერსონალის წამება და ხოცვა.

„ეს ქმედებები პირდაპირ ეწინააღმდეგება ჟენევის კონვენციის 1949 წლის 12 აგვისტოს დებულებებს სამხედრო ტყვეთა მოპყრობის შესახებ“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მიერ გამოძიების დაწყება, სავარაუდოდ, მამუკა მამულაშვილის მიერ ერთ-ერთი ინტერვიუს დროს გაკეთებულ კომენტარს ეყრდნობა, რომელშიც მან განაცხადა, რომ რუს ჯარისკაცებს ტყვეებად არ აიყვანდნენ. მოგვიანებით მამულაშვილმა განმარტა, რომ მათ თავად ტყვეები არ აჰყავთ და ჩაბარებულ სამხედროებს უკრაინელებს გადასცემენ.

ასევე, რუსულ და საერთაშორისო მედიაში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელიც სავარაუდოდ მარტის ბოლოს, აპრილის პირველ რიცხვებშია გადაღებული. კადრებში სავარაუდოდ ჩანს დახოცილი რუსი სამხედროები, რომელთაც ხელები აქვთ შეკრული. რუსულ მედიაში ამტკიცებენ, რომ რუსი სამხედროები ტყვედ ჩაბარების შემდეგ დახოცეს და იქ მომხდარში ქართული ლეგიონის წევრებიც მონაწილეობდნენ.